რუსეთის საელჩომ ლონდონში ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რა ხდება: 8 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემა არ გამორიცხა.

  • "როცა საუბარია ავიაგამანადგურებლებზე, რა თქმა უნდა, ისინი მოლაპარაკების საგანია. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ დღეს, რომ გავწვრთნით უკრაინის საჰაერო ძალებს ნატოს სტანდარტების პლატფორმებზე. თუმცა, ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი, ბრიტანეთის გარდა, მოკავშირეებზეც არის დამოკიდებული", — განაცხადა სუნაკმა.

დეტალები: რუსეთის საელჩო ლონდონში იმუქრება, რომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მთელს მსოფლიოზე ექნება.

  • "გვსურს, ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში სწორედ მის სინდისზე იქნება დამოკიდებული ესკალაციის შემდეგი რაუნდის "სისხლიანი მოსავალი", ისევე, როგორც მისი სამხედრო-პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტზე და მთლიანად მსოფლიოში", — ნათქვამია განცხადებაში.