10 ივნისს, 19:00 საათზე, თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით, მოქალაქეები Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერად რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტი შენობასთან გადაინაცვლებენ.

Birja Mafia-ს წევრების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავებასთან ერთად, მოქალაქეები დემურ სტურუას საქმეზე ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასამართლოს მიერ გამართლებასაც გააპროტესტებენ.

გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.