საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმა ემ ქეი დი მორიგ განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში $600-მილიონიანი დავა მოუგო.

  • სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს ივანიშვილისთვის თანხის ანაზღაურება დაეკისრა.
  • ივანიშვილი ახლა Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიას უჩივის, რომელმაც, მისი თქმით, თანხის გადაცემა შეაფერხა.
  • ბანკმა თანხის გადარიცხვის შეფერხება აღმოსავლეთ ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური გარემოთი ახსნა, შემდეგ კი ივანიშვილს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კითხვები გაუგზავნა.
  • ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრზე ზეწოლად შეაფასეს.

დეტალები: იურიდიული კომპანია წერს, რომ მას შემდეგ, რაც Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკა დაიწყეს, მათთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა — "ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა".

  • იურიდიული ფირმა იხსენებს 2022 წლის შემთხვევასაც, როდესაც შვეიცარიულმა მედიამ Credit Suisse-ზე პრესრელიზი არ გაუშუქა.
  • ფირმა აცხადებს, რომ მაშინაც გამოუქვეყნებელი ინფორმაცია შეეხებოდა არა ზოგადად Credit Suisse-ს, არამედ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან უხეშ დარღვევებს და ბანკის ინტერესების საწინააღმდეგო განზრახ მოქმედებებს.
  • "მაშინ ჩვენ იძულებული გავხდით პირადი წერილებით მიგვემართა შვეიცარიელი პოლიტიკოსებისთვის და მათი ყურადღება მიგვეპყრო იმ საკითხებზე, რაზეც შვეიცარიულმა მედიამ საუბრის საშუალება არ მოგვცა", — წუხან ფირმაში.

ახლა კი, ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფირმას მიაჩნია, რომ "სამწუხარო სიგნალი" შვეიცარიული მედიის შემდეგ, ევროპულ მედიიდანაც მიიღეს.

  • ფირმას სურდა გამოქვეყნებულიყო სტატია, რომელშიც ბანკის მენეჯმენტს აკრიტიკებდნენ.
  • "ჯერ იყო და ჩვენ მიერ მიწოდებული წერილიდან სრულად იყო ამოღებული ის მესიჯები, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად ბანკის მენეჯმენტს, ხოლო მომდევნო კომუნიკაციის შედეგად, მედიამ გადაასხვაფერა, გააფერმკრთალა ყველა აქცენტი, რომელიც ისევ იმავეს, Credit Suisse-ის მენეჯმენტის კრიტიკას შეეხებოდა";

  • "შესაბამისად, მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები Credit Suisse-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი ცენზურას დაექვემდებარა";

  • "ჩვენთვის, ცხადია, მიუღებელი იყო და არის ინფორმაციის გადასხვაფერებული, დაშტრიხული თუ შეკვეცილი სახით გამოქვეყნება, ამიტომ ჩვენი მხრიდან საერთოდ უარი ითქვა პუბლიკაციაზე", — აცხადებენ ფირმაში.

გარდა ამისა, წერილიდან ვიგებთ, რომ ივანიშვილი მზადაა "შანსი მისცეს" მედიასაშუალებებს, რათა მომდევნო ინფორმაცია გამოაქვეყნონ.

  • ფირმაში წერენ, რომ სხვა რომ არაფერი, უარის მთქმელ მედია საშუალებებს მარტივად შეეძლოთ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, თუნდაც ბანკთან.
  • წუხან, რომ აღნიშნულის ნაცვლად, მიიღეს ინფორმაციის საწყისი სახით გამოქვეყნებაზე უარი, რაც მათთვის "მხოლოდ გაოცებას და იმედგაცრუებას იწვევს".
  • "მართლაც იმედგამაცრუებელია ის, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა".
  • წერილში თანდართულია ტექსტს, რომელიც მედიამ "დაბლოკა და, ფაქტობრივად, ცენზურას დაუქვემდებარა" — მისი ნახვა შეგიძლიათ აქ.

არქივიდან: ივანიშვილი 26 იანვარს ისევ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა.

  • ივანიშვილზე სტატია 25 იანვარს ერთი და იმავე სათაურით, რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალებაზე გამოქვეყნდა, თუმცა მითითებულია, რომ ის პრესრელიზია და ფასიანად განთავსდა.
  • გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც 7-წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, "ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც", სადაც კლიენტებთან ურთიერთობების "მსჯავრდებულმა მენეჯერმა ჩაიდინა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი".