სირიაში მიწისძვრის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევებში ახალდაბადებული ჩვილი იპოვეს, რომელიც ჭიპლარით ისევ დედის სხეულს იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, დედა გარდაცვლილი აღმოჩნდა, თუმცა ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ჩვილი ერთადერთია მთელი ოჯახიდან, რომელიც 7,8-ბალიან მიწისძვრას გადაურჩა.

ჩვილი ნანგრევებში სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს, რის შემდეგაც ჭიპლარიც გადაჭრეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს გადასარჩენად. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ოთხსართულიანი შენობის ნანგრევებიდან გამოდის და პატარა, მტვრით დაფარული ჩვილი უჭირავს ხელში. მეორე კაცი მისკენ მირბის და ცდილობს ჩვილი პლედით გაათბოს და ზამთრის სიცივისგან დაიცვას, ხოლო მესამე — ცდილობს, მანქანა იპოვოს მის საავადმყოფოში გადასაყვანად.

ფოტო: Getty

ჩვილი უახლოესი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნანგრევებში კი მისი გარდაცვლილი მშობლების, ოთხი დედმამიშვილისა და დეიდის პოვნას ცდილობდნენ. ისინი მოგვიანებით ერთად დაკრძალეს.

სირიასა და მეზობელ თურქეთში მიწისძვრის შედეგად 7 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

სასწაულად გადარჩენილი ჩვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.