ევროპარლამენტარები, პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, მარკეტა გრეგოროვა და ანდრიუს კუბილიუსი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის გადავადებაზე უარი უთხრა.

  • ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
  • სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".

დეტალები: ევროპარლამენტარების განცხადებით, სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ინდიფერენტული დამოკიდებულებით იმედგაცრუებულნი არიან.

  • "იმის გამო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ მისი სიცოცხლის გამო", — ნათქვამია ერთობლივ წერილში.
  • ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა დასძენენ, რომ ქართული მხარისგან ევროპული ფასეულობებისა და იდეალების ერთგულება აკლიათ.
  • "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს, პატივი სცენ პრეზიდენტს სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, თავიდან აიცილოთ ტრაგედია, რომელმაც შეიძლება, შეარყიოს თქვენი ევროპული მისწრაფებები და გადადოს თქვენი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი", — ვკითხულობთ განცხადებაში.