უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა.

  • ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს.
  • დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად გაიქცა.
  • 12 დეკემბერს დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.
  • პოლიცია ესებუას ორი წლის განმავლობაში ეძებდა.

დეტალები: უწყების ცნობით, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

  • მათივე თქმით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
  • შსს-ის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.
  • დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიებზე გაავრცელეს, თუმცა უწყებამ ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა.