კომპანია თანამშრომლების გაფიცვასა და საკუთარ პოზიციაზე განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: Wolt-ის კურიერებმა 5 თებერვალს ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით აქცია გამართეს.

  • მათივე განცხადებით, ანაზღაურება, რომელსაც კომპანია უხდით, მიზერულია და ტარიფი უნდა გაიზარდოს.
  • სოლიდარობის ნიშნად, გაფიცულებს გლოვოს კურიერებიც შეუერთდნენ.

დეტალები: კომპანიაში დაზღვევასთან დაკავშირებით, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი საგანი იყო, ამბობენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორ კომპანიებთან, რათა სადაზღვევო შემთხვევები უფრო სწრაფად იქნას განხილული და დროულად ანაზღაურდეს.

  • რაც შეეხება დისტანციის მცირედი ცდომილებით გაზომვას, როგორც Wolt-ში განმარტავენ, კომპანიისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კურიერების მიერ რეალურად დაფარული მანძილის სწორი გაზომვა" და შესაბამისი ანაზღაურება.
  • საუბრობენ კომპანიის მიერ კურიერების აპლიკაციის რუკის განახლებასა და Google Map-ის ნავიგაციის დანერგვაზე, რომელიც, მათი თქმით, განვლილი მანძილის გაზომვის სიზუსტის პრობლემას მოხსნის.
  • "ამ ეტაპზე, პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეკვეთის დისტანციაში მნიშვნელოვანი ცდომილებები კომპენსირდება ხელით. Google Map-ის ნავიგაცია ტესტირების პროცესშია ქალაქ ბათუმში და მოკლე დროში ამ რუკით სარგებლობა პარტნიორი კურიერებისთვის თბილისშიც იქნება შესაძლებელი".

ანაზღაურება: როგორც Wolt-ში აცხადებენ, პირველ თებერვალს შეკვეთების ანაზღაურების განსაზღვრის "სრულიად ახალი მეთოდი" დააანონსეს, რომელიც ძალაში ეტაპობრივად 15 თებერვლიდან შევა.

  • მათივე თქმით, ახალი სისტემით კურიერების ანაზღაურება დინამიურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე დაანგარიშდება.
  • "შედეგად, ის მეტად სამართლიანად დაიანგარიშებს მიტანის ანაზღაურების ოდენობას მისი შესრულების ძალისხმევის საფუძველზე რაც პოზიტიურად აისახება პარტნიორი კურიერების გამომუშავებაზე", — ამბობენ კომპანიაში.
  • რის შემდეგაც კურიერთა ამჟამინდელ მოთხოვნებს "არარელევანტურს" უწოდებენ, რადგან, როგორც განმარტავენ, ის გამომუშავების ძველი სქემის ცვლილებას ეხება.
  • "გვესმის კურიერების მცირე ჯგუფის უკმაყოფილება და პატივს ვცემთ მათი პროტესტის უფლებას. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს".

Wolt-ში ამბობენ, რომ ესმით კურიერთა "მცირე ჯგუფის" უკმაყოფილება და პატივს სცემენ მათ პროტესტის უფლებას, თუმცა:

  • "მიუღებელია მათ მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს".
  • ასევე, კურიერებს პროტესტის "აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ფორმაში" გადაზრდაშიც ადანაშაულებენ.
  • "პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფმა გამოიყენა მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი ფორმა სხვა პარტნიორი კურიერების, ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და კომპანიის თანამშრომლების მიმართ. კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებელია".
  • განცხადების ბოლოს, თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებენ და დასძენენ, რომ მათი პრობლემების მოსასმენად მზად არიან.