ფორმულა კრეატივის სერიალი ხელოვნური სუნთქვა შესაძლოა სულ მალე პირველი არხის ეთერში გავიდეს.

ამის შესახებ On.ge-ს სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ უთხრა.

"კონტაქტები გვაქვს პირველ არხთან. მართალია, ეს პროცესი ჯერ ღრმად არ წასულა, თუმცა ინტერესი მათი მხრიდანაც დიდია. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ, პრეზენტაცია გავუკეთეთ პირველ არხს, მათ ამ ყველაფრის გასააზრებლად დრო ითხოვეს და ახლა ველოდებით პასუხს. ისინი თავიანთ შესაძლებლობებს შეაფასებენ და იმედია მოლაპარაკების პროცესი დაიძვრება. მგონია, რომ პირველი არხის აქტიურობა, ამ შემთხვევაში, ყველაზე რელევანტური იქნება, რადგან ხალხის ძალიან დიდი მოთხოვნაა, ეს არხი კი ხალხის ფულით ფინანსდება, თან არხისთვისაც რეიტინგული კონტენტი იქნება, რომელიც ძალიან სჭირდება. იმედია, რომ რაღაცა შედეგებს მივიღებთ", გვითხრა ირაკლი საღინაძემ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სერიალ ხელოვნური სუნთქვის გადაღებები აღარ გაგრძელდებოდა.

მაშინ სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობდა, რომ შოუს შეჩერების მიზეზი რუსთავი 2-ის ყადაღა და ქვეყანაში შექმნილი ფინანსურ მდგომარეობა იყო.

ცოტა ხნის შემდეგ კი ქართველი მაყურებლისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაჟღერდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეჩერებულმა სერიალმა სპონსორი იპოვა და გრძელდებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.