ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ორივე ქვეყანაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. გარდა ამისა, რამდენიმე წუთის წინ თურქეთსა და სირიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რაც ნგრევის მასშტაბებს გაზრდის.

დეტალები: სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სირიაში, სულ მცირე, 476 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 326 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.

  • თეთრი ჩაფხუტების სამაშველო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში, იმ ადგილებში, სადაც ისინი მოქმედებენ, 150 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეტანილი იყოს ოფიციალურ სახელმწიფო მონაცემებში.
  • პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა, 5 383 კი დაშავდა.

გამოხმაურებები: გერმანიის საგარეო მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად, თურქეთისა და სირიის დასახმარებლად მზად არიან.

  • ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფს აგზავნიან.
  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც კატასტროფის დახმარების მზაობა გამოთქვა და დაწერა, რომ ამ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგანან.
  • თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ "ღრმად შეშფოთებულია" სირიასა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრით და მხარდაჭერა გამოუთქვა დაზარალებულებს.
  • EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა, რომ მათი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა, ევროკავშირი კი დასახმარებლად მზადაა.
  • პაკისტანის პრემიერმინისტრმა როგორც თურქ, ასევე, სირიელ ხალხს მიუსამძიმრა და დახმარების მსურველებს შეუერთდა.
  • საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო უწყება და დიპლომატიური წარმომადგენლობები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო — მთავრობა თურქეთში სამაშველო ჯგუფს გზავნის. მათ ოფიციალურ განცხადებებში სირია ნახსენები არ არის.