მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თურქეთსა და სირიაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთში მომხდარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 2 ქვეყანაში, თურქეთსა და სირიაში, 641 ადამიანი დაიღუპა.

  • დაშავებულია ათასობით ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად კი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
  • 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ნურდაგიდან 23 კილომეტრში მოხდა.

გამოხმაურებები: გერმანიის საგარეო მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად, თურქეთისა და სირიის დასახმარებლად მზად არიან.

  • ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფს აგზავნიან.
  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც კატასტროფის დახმარების მზაობა გამოთქვა და დაწერა, რომ ამ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგანან.
  • ინდოეთის პრემიერმინისტრმა სოლიდარობა გამოუცხადა თურქ ხალხს და აღნიშნა, რომ მზად არიან დახმარებისთვის ამ ტრაგედიის დასაძლევად. იგივე განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმაც.
  • თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ "ღრმად შეშფოთებულია" სირიასა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრით და მხარდაჭერა გამოუთქვა დაზარალებულებს.
  • EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა, რომ მათი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა, ევროკავშირი კი დასახმარებლად მზადაა.
  • პაკისტანის პრემიერმინისტრმა როგორც თურქ, ასევე, სირიელ ხალხს მიუსამძიმრა და დახმარების მსურველებს შეუერთდა.