მეცნიერთა გუნდმა ჩვენგან 72 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ეგზოპლანეტა, სახელად K2-415b აღმოაჩინა, რომლის ზომაც დედამიწისას თითქმის ემთხვევა. ეს დისტანცია კოსმოსური მასშტაბებით საკმაოდ მცირე მანძილად მიიჩნევა, რაც ამ და მასზე დაყრდნობით სხვა ციური სხეულების უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს.

ირმის ნახტომის გალაქტიკაში უამრავი საინტერესო ეგზოპლანეტაა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რომელიმე მათგანზე სიცოცხლე. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ერთადერთი მაგალითი სწორედ დედამიწაა, ასტრონომები ზომით, შემადგენლობით, ტემპერატურითა და მასით მის მსგავს ობიექტებს ეძებენ, რომლებიც ჩვენს მახლობლადაა განლაგებული და ვარსკვლავთან ჩავლისას, ანუ ტრანზიტისას, ატმოსფერული კვლევების ჩატარებას ხდის შესაძლებელს.

შედარებით პატარა, ნაკლებად კაშკაშა და ცივი მნათობების, წითელი ჯუჯების გარშემო სასიცოცხლო ზონა (რეგიონი, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობის შანსია) ბევრად ახლოს მდებარეობს, ვიდრე მზის შემთხვევაში. შესაბამისად, იქ მოძრავი ეგზოპლანეტების ორბიტული პერიოდი ხანმოკლეა, რაც ნიშნავს, რომ სპექტრული მონაცემების მოსაპოვებლად ბევრ ტრანზიტზე დაკვირვება შეგვიძლია.

ფოტო: Getty

ამის მიუხედავად, მცირე ზომის პლანეტების დაფიქსირება გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ჩვენს მზის სისტემასთან 100 სინათლის წლის მანძილზე, წითელი ჯუჯების გარშემო, მხოლოდ 14 ობიექტია აღმოჩენილი, რომელთა რადიუსიც დედამიწისას 1.25-ზე ნაკლებჯერ აღემატება. მათ შორისაა სისტემა TRAPPIST-1-ში შემავალი 7 ეგზოპლანეტა.

თავად K2-415b-ის რადიუსი დედამიწისას 1.015-ჯერ აჭარბებს და ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წითელი ჯუჯის ირგვლივ გადაადგილდება, რომელსაც მზის მასის 16 პროცენტი აქვს. ეს ციური სხეული პირველად კეპლერის ტელესკოპის მონაცემებში შენიშნეს, შემდეგ კი TESS-ის სახელით ცნობილი ობსერვატორიითაც დააფიქსირეს.

მნათობთან ჩავლისას დაბლოკილი სიკაშკაშის გამოთვლით ასტრონომებმა K2-415b-ის რადიუსი დაადგინეს, ვარსკვლავის ერთგვარი რყევით კი, რასაც პლანეტასთან გრავიტაციული ურთიერთქმედება იწვევს — მისი მასა, რომელიც დედამიწისას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება.

ის, ასევე, ბევრად მკვრივია, 4-დღიანი ორბიტული პერიოდი აქვს და ვარსკვლავთან სიახლოვის მიუხედავად, სასიცოცხლო ზონაშია მოქცეული, ანუ შესაძლოა, ატმოსფერო ჰქონდეს. სისტემაში სხვა ობიექტის არსებობასაც არ გამორიცხავენ.

ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.