გრემი 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. კატეგორიაში წლის საუკეთესო პოპ დუეტი / ჯგუფის შესრულება კიმ პეტრასმა და სემ სმიტმა გაიმარჯვეს სიმღერისთვის Unholy. ამასთანავე, კიმ პეტრასი პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც გრემი 2023-ზე საუკეთესო პოპ დუეტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ლეგენდარულ ტრანსგენდერ შემსრულებლებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს, რომ მე დღეს აქ ვყოფილიყავი. SOPHIE-მ მითხრა, რომ ეს მოხდებოდა და მას ჩემი ყოველთვის სჯეროდა. დიდი მადლობა ინსპირაციისთვის, SOPHIE, გაღმერთებ.", — განაცხადა პეტრასმა გრემის აღების შემდეგ და 2 წლის წინ გარდაცვლილი მუსიკოსი SOPHIE მოიგონა, რომელთან ერთადაც მუშაობდა.

ფოტო: Getty Images

პეტრასმა მადლობა სემ სმიტსაც გადაუხადა და დასძინა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მომღერალი მისი მხარდამჭერი იყო. სმიტს სურდა, რომ პეტრასი სცენაზე მარტო გასულიყო, თუმცა მაყურებლებს ოვაციების შემდეგ პეტრასთან ერთად სცენაზე სმიტიც ავიდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიმ პეტრასი პირველი ღიად ტრანსგენდერი მომღერალი გახდა, რომლის ნამუშევარი Unholy ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში აღმოჩნდა. Unholy 2022 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა და მალევე დაიკავა წამყვანი პოზიციები სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში. კომპოზიციის ნაწყვეტი სმიტმა ჯერ კიდევ აგვისტოში გაავრცელა ტიკტოკზე, რის შემდეგაც მელოდია პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა.