თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარების, განათლებისა და მეცნიერული კვლევის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და ცვალებად გარემო პირობებთან სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ადაპტირების პროცესის ხელშესაწყობად, ალტე უნივერსიტეტი და ამერიკული კომპანია Lineate გაერთიანდნენ. მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიაზრებს ტექნოლოგიური პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი პროექტებისა და თემატური ღონისძიებების (კონფერენციები, საჯარო ლექციები, სემინარები, ტრენინგები, მასტერკლასები) ორგანიზებასა და სხვადასხვა ტექნოლოგიური კვლევის ჩატარებას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის სტუდენტებს ექნებათ Lineate Dev School-ის 3-თვიანი გადამზადების უფასო კურსის გავლის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მათ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმებას, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში.

"დღესდღეობით თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება განაპირობებს ჩვენი ცხოვრების არაერთი მიმართულებით ცვლილებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ თითოეულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, არამედ ჩვენ ირგვლივ არსებულმა კომპანიებმა თუ ორგანიზაციებმაც კარგად გაიაზრონ მისი გამოწვევები და შესაძლებლობები. სფეროს წარმატებული წარმომადგენლებისა და კომპანიების შეკრება ყოველთვის ქმნის საინტერესო და სასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ალტე უნივერსიტეტისა და Lineate-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია, რომელიც კიდევ უფრო მეტ უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის როგორც ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ასევე Lineate-სათვის, კვალიფიციური კადრების შეძენის მიმართულებით", — აღნიშნავს რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

"გვაქვს საჭიროება, მეტ ადამიანს ვასაქმებდეთ საქართველოში, თუმცა გვესმის რეალობა - საკმაოდ რთულია ათობით და ასობით ისეთი პროფესიონალის მოძიება, ვისაც აქვს პროექტზე მუშაობისთვის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მაინც ვფიქრობთ, რომ 2023 წელს შევძლებთ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რიცხვის გაორმაგებას. ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გვჭირდება გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც პირველივე დღიდან უნდა მივამაგროთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დავასაქმებთ მათაც, ვინც ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ შემდგომი 100 დასაქმებულიდან, უმეტესობა იქნება დამწყები პროფესიონალი და ჩვენ მზად ვართ ჩვენი ინვესტიცია სწორედ ახალგაზრდებში ჩავდოთ, ვასწავლოთ მათ, თუ როგორ მართონ პროექტები და როგორ გახდნენ პროფესიონალები პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით", — აღნიშნავს Lineate-ის რეგიონული დირექტორი, გიორგი ციკოლია.

ალტე უნივერსიტეტის შესახებ

ალტე უნივერსიტეტი 20-წლიანი გამოცდილებისა და ისტორიის სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 15 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 5 სკოლაში, ესენია: საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT), ბიზნესის, მედიცინის, სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლები. უნივერსიტეტის მისიაა სტუდენტებისთვის სრულფასოვანი ცოდნისა და ყველა საჭირო უნარის მიცემა, იმისათვის, რომ შექმნან დამატებითი, გრძელვადიანი ღირებულება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

Lineate-ს შესახებ

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი, მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. Lineate ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, 200 წლიდან, აშშ-სა და ევროპაში, 920-მდე განხორციელებული პროექტით.

Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New York Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და მსოფლიოს წამყვან სხვა საერთაშორისო კომპანიებთან.