ინფორმაცია On.ge-ს კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ინწკირველმა დაუდასტურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ოპერატორები 31 იანვარს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

  • არხის მენეჯმენტსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა დღეს, 3 თებერვალს შედგა.

რას ამბობენ ოპერატორები: გათავისუფლებული თანამშრომლები მედიაჩეკერთან აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე.

  • მათი თქმით, შედეგად, პროტესტის ფორმად გაფიცვა აირჩიეს.
  • ოპერატორები ამბობენ, რომ არხის მენეჯმენტს კომპრომისული ვარიანტი დღესაც შესთავაზეს, რაც ხელფასის მომატების რამდენიმე თვეზე განაწილებას გულისხმობდა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, კომპანიამ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.
  • ისინი კონსულტაციის შემდეგ აპირებენ, სახალხო დამცველსა და სასამართლოს მიმართონ.

ფორმულას იურისტი, ეთო ქათამაძე On.ge-სთან ამბობს, რომ ე.წ. გაფიცვის შესახებ პოსტფაქტუმ გაიგეს, პროტესტი კი იქამდე გაგრძელდა, სანამ კომპანიას თანამშრომლების შენარჩუნების რესურსი აღმოაჩნდა.

  • მისი თქმით, არხის პოზიცია, რომ "ხელფასის მომატების რესურსი არ არსებობდა" და ეს საკითხი არ განიხილებოდა, თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო.
  • ამბობს, რომ ოპერატორებმა გაფრთხილება, როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით რამდენჯერმე მიიღეს.
  • "ჩვენ ვცდილობდით, ისინი სამუშაო რეჟიმში გადმოგვეყვანა და შევთავაზეთ, რომ თუ რამე უკმაყოფილება ჰქონდათ, შეგვეძლო სხვა ფორმატში განგვეხილა, თუმცა იმ პირობით, რომ დაუბრუნდებოდნენ სამუშაო რეჟიმს, რაზეც უარი მივიღეთ".
  • იურისტი ამბობს, რომ გათავისუფლების საფუძველი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გახდა.
  • "დღეს მივეცით ბოლო ვადა და შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ გამოვეცით ბრძანება", — აცხადებს ის.