აღმოაჩნეს ახალი ეგზოპლანეტა, რომელზეც, შესაძლოა, სიცოცხლე იყოს.

31 სინათლის წლის დაშორებით, დააფიქსირეს წარმოუდგენლად იშვიათი, დედამიწის ზომის სამყარო, რომელიც ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო. მეცნიერების თქმით, დიდი შანსია პლანეტაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი პირობები იყოს.

შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში

ეგზოპლანეტების, ანუ პლანეტების, რომლებიც მზის სისტემის მიღმაა, ძიება რთულია. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიები შეზღუდულია. შესაბამისად, შედარებით დიდი პლანეტის დაფიქსირება უფრო მარტივია, ვიდრე გინდაც დედამიწის ზომის პლანეტაზე დაკვირვება.

ეს იმიტომ ხდება, რომ ეგზოპლანეტის აღმოჩენა ხდება არაპირდაპირი გზით. მეცნიერები აკვირდებიან იმას თუ როგორ ზემოქმედებს ეგზოპლანეტა მის მასპინძელ ვარსკვლავზე. ხდება პლანეტის მიერ ვარსკვლავის ჩაბნელების აღმოჩენა და მისი შესწავლა. ეს ის მომენტია, როდესაც პლანეტა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.

შესაბამისად, 5200-ზე მეტი ეგზოპლანეტიდან, რომელიც აქამდე აღმოვაჩინეთ, ძირითადად მასიური ციური სხეულებია. მათგან მხოლოდ 1,5 პროცენტს აქვს ორ დედამიწაზე ნაკლები მასა.

და მათგან მხოლოდ ათი ან ოდნავ მეტი პლანეტა ბრუნავს საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ისეთ მანძილზე, რომ წყალი არ გაიყინოს ან არ აორთქლდეს.

მანძილის ასეთ დიაპაზონს ვუწოდებთ სასიცოცხლო ზონას. ამით ხდება ეგზოპლანეტების გაცხრილვა, როდესაც საქმე მათ სიცოცხლისათვის ხელსაყრელობას ეხება. და აი ასეთი სამუშაოების შემდეგ აღმოაჩინეს ახალი ეგზოპლანეტა.

ახლად აღმოჩენილ ეგზოპლანეტას, რომელიც 1,36-ჯერ აღემატება დედამიწას, Wolf 1069b უწოდეს.

"როდესაც ვარსკვლავი Wolf 1069-ის მონაცემები გავაანალიზეთ, აღმოვაჩინეთ მკაფიო, დაბალი ამპლიტუდის სიგნალი. როგორც ჩანს, ეგზოპლანეტა დაახლოებით დედამიწის მასისაა", — ამბობს კვლევის ავტორი დიანა კოსაკოვსკი.

მიუხედავად იმისა, რომ Wolf 1069b 15-ჯერ უფრო ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან, მის მიერ მიღებული გამოსხივება დაახლოებით 65 პროცენტია იმისა, რასაც დედამიწა იღებს მზისგან.

Wolf 1069b-ის ბირთვი ჯერ კიდევ მდნარია, როგორც დედამიწის ბირთვი. შესაბამისად, შეიძლება, ეს მაგნიტურ ველსაც წარმოქმნიდეს.

შემდეგი პოდკასტი: არამიწიერი სიცოცხლე — მარტონი ვართ თუ არა სამყაროში

სამწუხაროდ, მეტის გასარკვევად ლოდინი მოგვიწევს: Wolf 1069b ჩვენსა და საკუთარ ვარსკვლავს შორის არ ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად მისი ატმოსფეროს გამოკვლევის საშუალება არ გვაქვს.

"ამისთვის ალბათ კიდევ ათი წელი მოგვიწევს ლოდინი", — ამბობს კოსაკოვსკი.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.