ბინდის საგის ვარსკვლავი ტეილორ ლოტნერი კინოინდუსტრიაში სხეულის არარეალისტური სტანდარტების ჩვენების ტენდენციაზე საუბრობს. ლოტნერს, რომელმაც ბინდის სერიის ხუთივე ფილმში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჯეიკობ ბლექი, განასახიერა, არაერთი შიშველი სცენის გადაღება მოუხდა. მსახიობს წინათაც აღუნიშნავს, რომ კამერის წინ შიშველი პოზირებისას თავი უხერხულად იგრძნო. თუმცა, ამჯერად, ტეილორი ხაზს უსვამს იმ ზიანს, რომელიც ბინდის საგის შიშველმა სცენებმა მას მოგვიანებით მიაყენეს.

"ფილმებში 16-დან 20 წლამდე ვთამაშობდი და ვასახიერებდი პერსონაჟს, რომელიც ყოველ ორ წამში ერთხელ მაისურს იხდის", — ჰყვება ლოტნერი ერთ-ერთ პოდკასტში, — "არ ვიცოდი, რომ ეს მომავალში ჩემზე და ჩემი სხეულის წარმოჩენაზე გავლენას მოახდენდა. თუმცა, ახლა ვიაზრებ, რომ, რასაკვირველია, იქონია გავლენა".

ლოტნერმა ასევე გაიხსენა, რომ ფილმებისთვის "ფორმაში" ჩადგომა დასჭირდა.

"პირველ ფილმში 64 კილომდე ვიწონიდი, ახალ მთვარეში კი 80 კილო ვიყავი", — ამბობს ტეილორი, — "ასე რომ, ეს ჩემი სხეულის ბუნებრივი ფორმა არ ყოფილა. ამის მიღწევა ძალიან, ძალიან რთული იყო და დიდი მონდომება დამჭირდა".

ფოტო: Giphy

ლოტნერის თქმით, ბინდის საგის გადაღებების პერიოდში იძულებული იყო, სავარჯიშო დარბაზში კვირის ექვს დღეს და დღეში რამდენჯერმეც კი წასულიყო, ამიტომ, ფილმების დასრულების შემდეგ, ამ ადგილს უკვე ერიდებოდა. თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ მოგვიანებით მისმა სხეულმა უფრო ბუნებრივი ფორმის მიღება დაიწყო.

მიუხედავად ამისა, როცა ინტერნეტში მსახიობის სხვადასხვა დროის სხეულის ფორმების შედარება დაიწყეს, ამან ლოტნერის მენტალურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედა.

პოდკასტში კინოვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე და მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად.

"ბედნიერებას საკუთარი სხეულის ფორმაში ნუ ეძებთ", — ამბობს მსახიობი, — "არ გეგონოთ, რომ რადგან 10 კილომდე დაიკელით და კუნთები დაიყენეთ, დილას გაიღვიძებთ და სარკეში ჩახედვისას უეცრად გაბედნიერდებით. ამას მნიშვნელობას არც უნდა ანიჭებდეთ".