ინფორმაციას კულტურის სამინისტრო აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2021 წლის 17 იანვარს წულუკიანის უწყებამ განაცხადა, რომ გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა წიგნი, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად ელენე ბაქრაძე (დარიანია) მოხსენიებული.

  • ამბობდნენ, რომ ამის შესახებ მათ "აღშფოთებულმა მოქალაქეებმა" მიმართეს.
  • შედეგად, სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და თქვა, რომ ლიტერატურის მუზეუმთა და წიგნის შემდგენელთა, ლაშა ბაქრაძესთან საკითხზე "სერიოზულ განხილვას" გეგმავდნენ.
  • ბაქრაძის თქმით, მუზეუმმა უწყებას დარჩენილი წიგნები გადასცა, ამასთან, აღიარეს შეცდომა და ახალი ტირაჟისთვის შეცდომის გასწორების ფურცლის დართვას აპირებდნენ, თუმცა უწყებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
  • წიგნზე სოციალურ ქსელში დიდი მოთხოვნა გაჩნდა, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდად მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტრომ უნდა დაუბრუნოს და ამდენივე იყო საჭირო ხელახლა დასაბეჭდად.
  • სამინისტროსთვის ფულის დასაბრუნებლად და წიგნის ხელახლა დასაბეჭდად საჭიროზე მეტი თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა.

დეტალები: როგორც კულტურის უწყება ამბობს, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე არაერთი ისტორიული, ფაქტობრივი, ტექსტოლოგიური არგუმენტი გამოქვეყნდა იმის დასადასტურებლად, რომ ელენე დარიანის დღიურების ავტორი პაოლო იაშვილია.

  • მათი თქმით, პოეტის ავტორობაში დაეჭვება აქტიური მას შემდეგ გახდა, როცა "მავანთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მოწმეთა უმრავლესობა ცოცხალი აღარ ეგულებოდათ".
  • უწყების მტკიცებით, პაოლოს იაშვილის შემოქმედება ეჭვქვეშ დაყენების "კიდევ ერთი ცდა" 2021 წლის ბოლოს გიორგი ლეონიძის მუზეუმის მიერ კრებულის, "ელენე ბაქრაძე-დარიანის" გამოცემა იყო.
  • სწორედ ამით განმარტავენ ისინი წიგნის გავრცელების შეჩერებასა და "საავტორო უფლებების დარღვევის უხეში ფაქტის" დაგმობას.
  • შემოწირულებობით კრებულის ხელახალ გამოცემას კი "სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტად" აფასებენ და ამბობენ, რომ ის კვლავაც საავტორო უფლებების უგულებელყოფით გამოიცა.
  • "გარეკანს ისევ აწერია ელენე ბაქრაძე-დარიანი, წიგნში კი შეტანილია პაოლო იაშვილის ლექსები პოეტური ციკლიდან ელენე დარიანის დღიურები".

უწყების განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება დამუშავებულიყო და ერთ აკადემიურ კრებულად გამოცემულიყო კომპეტენტურ მკვლევართა, ლიტერატურათმცოდნეთა, ტექსტოლოგთა, მეთოდოლოგთა, ისტორიკოსთა ნაშრომები, რომელიც 1997-2022 წლებში ამ თემაზე შექმნილა და "პროფესიული ანალიზის პრინციპებს" ეფუძნება.

  • ამბობენ, რომ კრებულის გამოცემით, კიდევ ერთხელ მოხდა იაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის დადასტურება.
  • "... რომ პოლემიკა, რომელიც ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში გადაიზარდა, უსაგნოა და მხოლოდ პლაგიატი უდევს საფუძვლად".

წულუკიანი ამბობს, რომ კრებულის გამოცემის მიზანი პაოლო ივანიშვილის შემოქმედების დაცვაა მათგან, ვინც 2021 და 2022 წლებში "ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ზოგიერთი წარმომადგენლის თაოსნობით" პოეტის შემოქმედების შებღალვას ცდილობდნენ.

  • "შეებღალათ იმით, რომ წაერთმიათ პაოლოსთვის მისი შემოქმედება და მიეწერათ ეს ვინმე ელენე ბაქრაძისათვის. ეს წარმატება ვერ მოიპოვეს, კრახით დასრულდა ეს მცდელობა და მათი ეს სამარცხვინო პლაგიატის ფაქტი სამინისტრომ აღკვეთა".