ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც განხილულია ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კანონმდებლობის შესაბამისობა.

დეტალები: კომისიამ ქვეყნების მიახლოების დონე შევსებული კითხვარების საფუძველზე მოამზადა — სამივე განმცხადებელი ერთი და იმავე კრიტერიუმებით, საკუთარი დამსახურების საფუძველზე შეფასდა.

  • ანგარიშში გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებებზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებზე (AA/DCFTA) წლების განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური დიალოგის ფარგლებში მიღებული აქტუალური ინფორმაცია, ამ შეთანხმებების განხორციელების შესაფასებლად.
  • ევროკომისია საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დახმარებას აღუთქვამს ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს პროგრესი გაწევრიანების გზაზე პოზიტიურია.

  • ანგარიშში აღწერილია ქვეყნის მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში და მითითებულია, რომ ისინი ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ საჭიროა გაუმჯობესება.
  • ევროკომისია ძირითადად იყენებს შეფასების ამ ფორმებს: "მომზადების ადრეული ეტაპზეა", "მიაღწია მომზადების გარკვეულ დონეს", "ზომიერად მზადაა" და სხვა.
  • მაგალითად, კომისია წერს, რომ კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელებთან და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით, ფართოდ არის მორგებული acquis-თან. თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია.
  • აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მომზადება ფინანსური კონტროლის სფეროში თუმცა, მენეჯერული ანგარიშვალდებულება, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და შიდა აუდიტი არ ხორციელდება ეფექტურად.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

  • "ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", — აღნიშნავს იგი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ამ შეფასების საფუძველზე შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.

  • "საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში", — ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
  • "ამასთან, ეს შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს", — აცხადებს იგი.

ირაკლი კობახიძე თანაგუნდელების მსგავსად საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესზე საუბრობს.

  • "დღესავით ნათელია, არა მარტო გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ", — აცხადებს იგი.

ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკომისიის მორიგ შეფასების ანგარიშში აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით.

  • "აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ, ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ყველა პარამეტრით, ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით", — აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.