2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ირუ ხეჩანოვი წარადგენს. 22 წლის მომღერალმა მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ ვოისში გამარჯვებით მოიპოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს ახალგაზრდა მუსიკოსი ევროვიზიაზე.

აღსანიშნავია, რომ ირუ ხეჩანოვი ასევე გახლდათ ჯგუფ ქენდის წევრი, რომელმაც 2011 წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეორე გამარჯვება მოუტანა.

ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ლივერპულში გაიმართება 9 მაისიდან 13 მაისამდე. უკვე ცნობილია, რომ საქართველო ფესტივალის მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს, წარდგება მაყურებლის წინაშე.

2023 წლის ევროვიზიის სლოგანი "მუსიკით გაერთიანებული" იქნება.

ფოტო: BBC / EBU

2023 წლის ევროვიზია, წესით, უკრაინაში უნდა გამართულიყო, რადგან გასულ წელს კონკურსის გამარჯვებული სწორედ უკრაინა გახდა. თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროფესტივალის ორგანიზატორი გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC იქნება. ამის მიუხედავად, პროცესში აქტიურად ჩაერთვება უკრაინული მხარეც, რათა ღონისძიებაზე ქვეყნის მახასიათებელი ელემენტებიც იყოს წარმოდგენილი. ამასთან, უკრაინა, როგორც 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული, ეგრეთ წოდებულ დიდ ხუთეულთან ერთად ნახევარფინალური ტურის გარეშე მოხვდება ფინალში.

საქართველომ ევროვიზიაზე თოთხმეტჯერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, უკვე ექვსი წელია, ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. ბოლოს ჩვენმა წარმომადგენელმა ნახევარფინალური ტურიდან გასვლა 2016 წელს შეძლო. საქართველოს საუკეთესო შედეგად კვლავ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.