ევროპარლამენტში საქართველოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის მაღალი თანამდებობის პირებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობაზე.

  • დებატებში მონაწილე ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ერთხმად ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და მისი სიცოცხლის უფლების დაცვას.
  • მათი განცხადებით, გააგრძელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს და მზადყოფნას გამოთქვამენ, დაეხმარონ საქართველოს სიტუაციის განმუხტვაში.

პოლ იონსონი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე.

  • მისი განცხადებით, სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან იზრუნონ პიროვნებაზე, და ეს მოიცავს თავისუფლების აღკვეთისას როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობას.
  • "პატიმართა მოპყრობის გაერთიანებული ერების ძირითადი პრინციპები, რომლებსაც საქართველომაც მოაწერა ხელი, ამბობს, რომ თავისუფლების აღკვეთა არ ნიშნავს სათანადო ჯანდაცვის უფლების შემცირებას. საქმე პირიქითაა. სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვაში," — ამბობს იგი.
  • "ევროკავშირის გზავნილი ნათელია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას აიღოს პასუხისმგებლობა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და რა თქმა უნდა, მის უფლებაზე ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო პროცესი", — იონსონმა.

იოჰანსონ ჰანი საქართველოს მთავრობას სთხოვს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასაცავად.

  • "საქართველოს ასევე აქვს სამართლებრივი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ყველა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჭირო სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად", — ამბობს იგი
  • კომისარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დასწრებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
  • "იმედი მაქვს, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვას სამედიცინო ექსპერტიზა დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ", — დასძენს იგი.

მირიამ ლექსმანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშაა.

  • "თამაშები, გადადება და ხრიკები უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობის სამარცხვინო საქციელი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათივე განცხადებულ ევროპულ მისწრაფებასთან, ღირებულებებთან და პრინციპებთან", — ამბობს იგი.
  • ევროპარლამენტარი მოითხოვს საქართველოს ექსპრეზიდენტს ყოველგვარი გადადების გარეშე, დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება.
  • "სააკაშვილი ციხეში არ უნდა მოკვდეს. საქართველოს მთავრობას აქვს სრული პასუხისმგებლობა მისი ჯანმრთელობაზე და კარგად ყოფნაზე, და მათ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ სააკაშვილს რამე მოუვა", — აცხადებს ლექსმანი.

ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევად პოლარიზაციას მიიჩნევს.

  • "ჩვენ გვინდა ვიხილოთ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის აღსრულების შეჩერება და მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, არა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზების გამო, არამედ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო ნორმალიზებული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას პოლარიზაციის დონის შემცირებას", — აცხადებს იგი.

პეტრას აუსტრევიჩუსი მიხეილ საკააშვილის ციხეში ყოფნას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და წარსულში დაბრუნების მცდელობად აფასებს.

  • "საქართველოს მთავრობა თავს პრო ევროპულად მიიჩნევს და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავება უნდა. პარალელურად, საზოგადოება ძლიერ პოლარიზებულია და მიმდინარეობს პოლიტიკური სასტიკი ბრძოლა, რომელიც უგულებელყოფს ელემენტარულ პოლიტიკურ კულტურას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც გამოაღვიძა ქვეყანა, და ისე შეცვალა, რომ ვეღარ იცნობთ, 16 თვეა ციხეში იღუპება", — აცხადებს ევროპარლამენტარი.
  • მისი აზრით, იმისთვის რომ საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული სახე, აუცილებელია სააკაშვილს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა დაყოვნების გარეშე.

მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევრო კომისია მალე შეაფასებს 12 პუნქტიან გეგმას, და იმას, თუ როგორ შეასრულა საქართველოს მთავრობამ აღებული ვალდებულებები.

  • "ვერ ვხედავთ გაუმჯობესებას პოლარიზაციის მიმართულებით, პირიქით. სხვადასხვა მანიპულაციითა და დეზინფორმაციით კიდევ ეს პრობლემა უფრო ღრმავდება", — აცხადებს იგი.
  • გრეგოროვას მტკიცებით, სააკაშვილის შემთხვევაში ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი არ აქვს კონსპირაციას, როგორც ამას ზოგიერთი აფასებს.
  • "განვიცდით, რადგან ადამიანი ციხეში კვდება. მივმართავ საქართველოს მთავრობას, იფიქრეთ არა მხოლოდ იმაზე, რომ მისი ციხეში შეყოვნებით პოლიტიკურ ქულებს იწერთ, არამდე იმ ქულებზე, რომელსაც კარგავთ. დღეს მოგვიწია პოლიტიკურ პატიმარზე გვქონდეს დებატები, იმის მაგივრად, რომ გველაპარაკა კანდიდატის სტატუსზე", — დასძენს იგი.

ანა ფოტიგა უერთდება ევროპარლამენტარების მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ ჰუმანიტარული მიზნებით.

  • "იგი კვდება ციხეში და ეს საქართველოს მომავალზე დიდ გავლენას იქონიებს", — აცხადებს ფოტიგა.