ამის შესახებ დანილოვმა უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა. მის ციტატებს კი ადგილობრივი მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ თებერვალს Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია — საქართველოს სურს, რომ რუსეთმა დატოვოს მათი მიწა უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე.

  • გამოცემის ინფორმაციით, მათთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც ომის დასასრულებლად უნდა მიიღონ, რუსეთმა უარი უნდა თქვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
  • "რუსეთმა უნდა ისწავლოს სად არის მისი საზღვრები... საქართველოს საკითხიც უნდა იყოს დაყენებული, ვინაიდან არავინ უნდა ფიქრობდეს, რომ ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ რუსეთმა ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ დატოვოს", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

რას ამბობს დანილოვი: ის კრიტიკულია როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე, მთავრობის მიმართ და იხსენებს, რა რეაქცია მიიღო მან, როცა ქართველებს რუსეთის ერთად დამარცხებისკენ მოუწოდა.

  • "მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ რუსეთთან რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას. რატომღაც თავისთვის იოცნება, რომ იქ უნდა შევიტანოთ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა 2008 წელს დაიკავა";
  • "მაგრამ როცა მარტში საუბრისას ქართველ ძმებს ვუთხარი, რომ "მოდით, დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ", საქართველო, ამ ადამიანების სახით, გაჩუმდა და თან ჰქონდა შენიშვნა, რომ მე მათ საქმეებში ვერევი";
  • "ახლა კი მას სურს, ჩვენს გამარჯვებას მიეკრას და თვლის, რომ ეს აუცილებელია", — აცხადებს ის.

გარდა ამისა, დანილოვი ახსენებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც და მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

  • "ჩვენ მოქალაქეებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ადამიანებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია და ჰქონდეთ მინიმალური პატივისცემა მაინც, რომ არ დასცინოდნენ, არამედ გამოუშვან ჩვენი მოქალაქე კიევში";
  • "არ ვიცი რომელ სამყაროში ცხოვრობენ. ერთის მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან. უბრალოდ მიუღებელია", — ამბობს ის.