გაფრთხილება: სტატია უკანასკნელი ჩვენგანისა და მოსიარულე მკვდრების შესახებ სპოილერებს შეიცავს.

როცა HBO-ს ახალი სერიალის, უკანასკნელი ჩვენგანის შესახებ გავიგე და მოკლე შინაარსსაც გადავავლე თვალი, აღტაცებული დავრჩი და პირველი ეპიზოდის გამოსვლამდე დარჩენილი დღეების თვლაც სულმოუთქმელად დავიწყე.

სერიალი ამავე სახელწოდების ვიდეოთამაშის ადაპტაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოთამაშების მიმართ გულგრილი ვარ და არც უკანასკნელი ჩვენგანი მითამაშია, პოსტაპოკალიფსური სამყაროების შესახებ შექმნილი სერიალები, ფილმები და წიგნები იმდენად მიყვარს, რომ მცირე აღწერის წაკითხვა და მსახიობებისთვის თვალის გადავლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ რთულსა და გრძელ გზაზე ჯოელისა და ელის თანამგზავრი გავმხდარიყავი.

თუ ჯერ კიდევ ყოყმანობ, გახდე თუ არა ამ დაძაბული და ემოციური თავგადასავლის ნაწილი, ამ სტატიაში 5 მიზეზს ჩამოგითვლი, რომელთა გამოც უკანასკნელი ჩვენგანის ყურება უნდა დაიწყო:

1. სერიალში აპოკალიფსის მიზეზი მეცნიერულად, მაგრამ გასაგები ენითაა ახსნილი

ფოტო: HBO

ასე მგონია, აპოკალიფსზე გადაღებულ ფილმებსა და სერიალებში ვირუსის გამომწვევ მიზეზებზე სათანადო ყურადღებას არ ამახვილებენ. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ასეთ ნამუშევრებში, საბოლოოდ, მთავარი პერსონაჟებს შორის ურთიერთობა, მათი თავგადასავალი და ხშირად თავად ადამიანებს შორის დაპირისპირებაა, ვირუსი და აპოკალიფსამდე მიმდინარე მოვლენები კი — მეორეხარისხოვანი. ამის მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში პანდემიაში ცხოვრებამ, დაცარიელებული ქუჩების ნახვამ და საყოველთაო პანიკამ დამარწმუნა, რომ ჩემი საყვარელი ფილმები და სერიალები რეალობისგან ისე შორსაც არაა, როგორც აქამდე მეგონა.

უკანასკნელი ჩვენგანის პირველივე ეპიზოდში 1968 წლის გადაცემაში აღმოვჩნდით, რომელშიც მეცნიერი განიხილავს შესაძლებლობას, სოკო ისე განვითარდეს, რომ ადამიანი მარიონეტივით გააკონტროლოს. რამდენიმეწუთიან შესავალში შესაძლო აპოკალიფსი, რომელიც ხშირად შემქმნელების ფანტაზიის ნაყოფი გვგონია, იმდენად რეალურად და გასაგებადაა ახსნილი, რომ მას არასერიოზულად ვეღარ ვუყურებთ. გვიჩნდება იმის განცდა, რომ სერიალი რაღაც სხვა სამყაროზე კი არ გვიყვება, რომელშიც ცხოვრება არასდროს გვიწერია, არამედ საშიშ შესაძლებლობაზე, რომლის რეალურობაც გვაფრთხობს.

აპოკალიფსის მიზეზების ახსნამ მე, როგორც მაყურებელი, სერიალის მოვლენების უშუალო მონაწილედ მაქცია და არა შორეულ დამკვირვებლად. სწორედ ამიტომ, პირველი ეპიზოდის პირველივე წუთებიდანვე მივხვდი, რომ წინ საოცარი თავგადასავალი მელოდა.

The Last of Us-ის სოკო ფიქცია არაა — შეუძლია თუ არა მას ადამიანების დაინფიცირება?

2. მთავარი პერსონაჟები და მათი ურთიერთობა შეგიყვარდება

ფოტო: HBO

სერიალის მთავარი პერსონაჟები ჯოელი და ელი არიან. ჯოელი 50 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც თინეიჯერი შვილის სიკვდილის შემდეგ ახალ რეალობაში გადარჩენას ცდილობს და მხოლოდ საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანების ბედი აინტერესებს. მოკლედ, სამყაროს შეცვლა და გმირობანას თამაში ჯოელის პიროვნებისგან შორსაა.

მეორე მხრივ, ელი 14 წლის მხიარული, ენამახვილი, მამაცი და სიცოცხლით სავსე (რამდენადაც პოსტაპოკალიფსურ სამყაროშია შესაძლებელი) გოგოა. ელის სხვებისგან ისიც გამოარჩევს, რომ ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს.

გარემოებები თავს ისე იყრის, რომ ჯოელს ელის დანიშნულების ადგილამდე მიყვანა ევალება. ამ რთულ გზაზე ჩვენი მეგზური ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის კომპლექსური ურთიერთობაა. კამათით, ხუმრობებით, საიდუმლოების გაცვლა-გამოცვლით კი ეს ურთიერთობა ჩვენ წინ კიდევ უფრო ღრმავდება.

3. სერიალის შემქმნელები და მსახიობების ფენომენალური შესრულება

ფოტო: HBO

სხვების არ ვიცი, მაგრამ როგორც კი სერიალის გასწვრივ HBO-ს ლოგოს ვხედავ, გადაწყვეტილებას მყისიერად ვიღებ: ამ სერიალს უნდა ვუყურო. ეგ კი არა, პროექტზე თავად ვიდეოთამაშისა და სერიალ ჩერნობილის შემქმნელები მუშაობენ. მოკლედ, რაღას ელოდები?

ალბათ იმას, რომ მსახიობებსაც შევასხა ხოტბა. შენი ხათრი არ მალაპარაკებს, როცა ვამბობ, რომ პედრო პასკალი (ჯოელი) და ბელა რემზი (ელი) სხვა მსახიობებთან ერთად დავალებას თავს მშვენივრად ართმევენ. პედრო პასკალს მეეჭვება ჩემი ქება სჭირდებოდეს, მაგრამ ბელა მაინც უნდა შევაქო, რადგან ელის როლს ფენომენალურად ასრულებს.

უკანასკნელ ჩვენგანში ბელას ეკრანზე დანახვა არასდროს მბეზრდება. რემზის შექმნილი ელი ერთდროულად კომპლექსური, დამოუკიდებელი, ბავშვური და დროდადრო ცოტათი გულუბრყვილო პერსონაჟია, რომელიც თავისი დაკვირვებულობით, ემოციური ინტელექტითა და ოინებით თავს ნებისმიერს შეაყვარებს. მოკლედ, HBO ნამდვილად არ შემცდარა, როცა ელი ბელას ანდო.

4. მესამე ეპიზოდი

ფოტო: HBO

ამ სტატიაში მესამე ეპიზოდის ხსენებას გვერდს ვერ და არ ავუვლი. როცა კულტურის სფეროს გავლენიანმა გამოცემებმა იანვარში გამოსულ Long, Long Time-ს წლის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდის ტიტული მიანიჭეს, ბუნებრივია, დიდი მოლოდინი მქონდა, რომელიც...არ გამცრუებია.

მესამე სერია უბრალო ეპიზოდი კი არა, ერთგვარი ფილმია, რომელიც ახალი პერსონაჟების — ბილისა და ფრენკის სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ბილი აპოკალიფსსა და ახალ სამყაროს მომზადებული ხვდება და ერთადერთი მაცხოვრებელი ქალაქს თავის ციხესიმაგრედ აქცევს. ერთხელაც ამ "ციხესიმაგრეში" გზააბნეული გადარჩენილი, ფრენკი აღმოჩნდება. ბილსა და ფრენკს შორის ნაპერწკლები მალევე ღვივდება და ერთად ცხოვრებას იწყებენ.

რომანტიკული ურთიერთობები პოსტაპოკალიფსურ სამყაროში უჩვეულო არაა. ამის საუკეთესო მაგალითად მოსიარულე მკვდრებში მეგისა და გლენის ურთიერთობა მახსენდება. ამის მიუხედავად, ამ ჟანრის ფილმებსა და სერიალებში წყვილი ერთად დაბერებასა და წლების შედარებით მშვიდად გატარებას თითქმის ვერასდროს ახერხებს (კვლავ მეგისა და გლენის მაგალითი გავიხსენოთ). ჩემთვის სწორედ ეს ხდის უკანასკნელი ჩვენგანის მესამე ეპიზოდს ასე გამორჩეულსა და ძვირფასს — თუმცა იდეას ხორცს, რა თქმა უნდა, მსახიობების შესრულება, საოცარი სცენარი, ულამაზესი მომენტები და საუნდტრეკები ასხამს.

ერთადერთი, რაც მოსალოდნელი, თუმცა მაინც სამწუხარო აღმოჩნდა, ჰომოფობების მიერ IMDb-ზე ეპიზოდისთვის დაწერილი დაბალი შეფასებებია. მიუხედავად ამისა, ჰომოფობების გაბრაზება, გარკვეულწილად, ცხადყოფს იმას, რომ სერიალის შემქმნელებმა მშვენივრად იმუშავეს. მადლობა მათ!

5. უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც სამყაროს სიღრმისეულად გვაცნობს

ფოტო: HBO

პოსტაპოკალიფსური ფილმებისა და სერიალების ყურებისას აშკარაა, რომ პერსონაჟებს ყოველდღიური მოხმარების საგნებზე ხელი არ მიუწვდებათ და საჭმლისა და სუფთა წყლისთვისაც კი ბრძოლა უწევთ. უკანასკნელი ჩვენგანი პოსტაპოკალიფსურ ყოველდღიურობას კიდევ უფრო უკეთ პატარა და, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებით გვაცნობს.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ სულ მაინტერესებდა, მაგალითად, როგორ უმკლავდებიან ადამიანები ახალ სამყაროში მენსტრუაციას. ასეთი მცირე დეტალები ჩვენამდე იშვიათად აღწევს, რადგან შინაარსისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უკანასკნელი ჩვენგანი მაინც მზადაა, ჩვენს კითხვებს პასუხები გასცეს.

მაგალითად, მესამე ეპიზოდში ვხედავთ ბედნიერ ელის, რომელმაც შემთხვევით ტამპონების შეკვრა იპოვა. მეორე სერიაში ელი ქათმის სენდვიჩს ჭამს, რაც ტესს უკვირს და ამით ვიგებთ, რომ ქათმის ხორცით ძირითადად კონტრაბანდისტები ვაჭრობენ და მარტივად ხელმისაწვდომი არაა. სხვაგან ელი მანქანითაა აღფრთოვანებული, რადგან მასში, ბუნებრივია, არასდროს მჯდარა.

ასეთი პატარა და მოვლენათა ჯაჭვში ბუნებრივად ჩაქსოვილი დეტალები იმდენ ინფორმაციას გვაწვდის, რომ სერიალის სამყარო ჩვენ თვალწინ კიდევ უფრო ნათლად იხატება და მისი ერთგვარი მონაწილეებიც კი ვხდებით.

მიუხედავად იმისა, რომ სტატია იმაზე დიდი გამომივიდა, ვიდრე ვგეგმავდი, მაინც ვერ ამოვწურე ის მიზეზები, რომელთა გამოც უკანასკნელი ჩვენგანის ყურება უნდა დაიწყო. ზოგიერთი შთაბეჭდილების გადმოცემა სიტყვებით რთულია, ამიტომ სჯობს, უბრალოდ სერიალი ჩართო და ყველაფერში თავადვე დარწმუნდე.