ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და სხვა პრობლემებია შესწავლილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს.

  • თუმცა კითხვაზე, რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობენ, უმრავლესობა ეკონომიკურ ფაქტორს ასახელებს.
  • ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

დეტალები: მოქალაქეთა უმეტესობა, 48% საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კვლევის მიხედვით:

  • ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია;
  • ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს;
  • საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს;
  • ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს, კერძოდ — 51%-ს.

  • უმუშევართა უმრავლესობა, 49% კი ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით.
  • მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა — 77% ფასების მომატებაზე წუხს.
  • უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა.

საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა.

  • კითხვაზე, ეს უფრო მეტად მთავრობის პოლიტიკის შედეგია, თუ უფრო მეტად ისეთი ფაქტორების, რომელიც მათ კონტროლს მიღმაა — 38% მთავრობას პასუხობს.
  • 31% კი გარეშე ფაქტორებს.

განათლება: განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განათლების სფეროს მთავად გამოწვევებად დასახელდა.

  • განათლების ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად თბილისელები, ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, დასაქმებულები და ოპოზიციის მხარდამჭერები წუხან.

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

  • საველე სამუშაოების პერიოდი 2022 წლის 3-20 დეკემბერი იყო, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 519 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.
  • წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) განხორციელდა.
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%, თუმცა ის იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.