ამის შესახებ NDI-ის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა 81 პროცენტამდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.

  • თუმცა ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად;
  • ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს — სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან.
  • გარდა ამისა, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10-პროცენტიანი ზრდის მიუხედავად, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.

დეტალები: კვლევაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომს სულ უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, მაშინ როცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს.

  • კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე რუსეთის ბევრი მოქალაქის შემოსვლას — 69% ამბობს, რომ უარყოფითი.
  • 17%-ის აზრით — დადებითი, 6%-ის აზრით კი — არანაირი.
  • NDI-ის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის.

მოსახლეობის უმრავლესობისთვის კი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია.

  • რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ.
  • გარდა ამისა, უმრავლესობა მხარს უჭერს მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას.
  • სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭრებში.

რას ფიქრობენ რუსეთზე: საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.

  • თუმცა, რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი.
  • რომ შევაჯამოთ: საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის.

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

  • საველე სამუშაოების პერიოდი 2022 წლის 3-20 დეკემბერი იყო, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 519 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.
  • წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) განხორციელდა.
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%, თუმცა ის იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.