ამის შესახებ შესახებ უკრაინის ლიდერმა ავსტრიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მის განცხადებას ადგილზე მყოფი მედიები ინტერფაქს უკრაინა და უკრინფორმი ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, პირველ თებერვალს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო და კამერასთან მოქალაქეებს აჩვენა, რა მდგომარეობაშია.

  • ზელენსკის განცხადებით, სააკაშვილის დღევანდელი კადრები ბრიფინგის წინ დავით არახამიამ გადასცა.
  • "ვთვლი, რომ დღეს საქართველოს მთავრობა — რასაც ისინი აკეთებენ: ისინი მას კლავენ", — აღნიშნა პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქის "ყოველდღიურ საჯარო წამებაშიც" დაადანაშაულა.

დეტალები: ზელენსკიმ მედიას სააკაშვილის დღევანდელი ფოტოები აჩვენა.

  • "ვისურვებდი, რომ მედია ხედავდეს რა ხდება. უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს საქართველოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეს მათი შიდა საკითხებია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. მათი მიზანია ის მოკლან", — აღნიშნა მან.
  • ზელენსკიმ ისაუბრა, რომ პატივს სცემს ქვეყნების ნეიტრალიტეტს, მაგრამ ვერ მოეპყრობა პატივისცემით საქართველოს ასეთ დამოკიდებულებას უკრაინის მოქალაქის მიმართ.
  • "საქართველო, მისი ხელმძღვანელობა დღეს ვის მხარესაა? ისინი ნეიტრალური არიან, თუ — რუსეთის მხარეს? იმიტომ, რომ რუსეთი ექცევა თავის პოლიტიკოსებს ისე, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ, ისინი ნეიტრალურები არია, თუ რუსეთის მხარეს არიან? თუ მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.??" — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სააკაშვილის პროცესზე გამოჩენის შემდეგ ევროპარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე გადაუდებელი დებატები ჩაინიშნა.

  • "მადლობას ვუხდი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გადაწყვეტილებისთვის, რომ ხვალ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გადაუდებელი დებატები ჩატარდეს მის მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა“, — დაწერა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ.