დასკვნა გელათის ტაძრის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დასკვნაში წერია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

  • ასევე ვკითხულობთ, რომ წლების მანძილზე განვითარებული მოვლენები და ბოლო ორ წელში მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობაზე მიუთითებს.
  • მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დაწესებულებას აუდიტის სამსახური შეისწავლის.
  • ამას ცენტრის მიმართ კულტურის სამინისტროს კრიტიკული განცხადება დაემატა.
  • რის შემდეგაც ჩუბინიშვილის ცენტრს საპატრიარქო გამოესარჩლა.

კულტურის სამინისტრო: უწყებაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც მათ წულუკიანი ჩაუდგა სათავეში, კვლევითი ცენტრის "მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროს".

  • მათი შეფასებით, დასკვნა კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
  • "სამინისტროსათვის ახლახან გახდა ცნობილი, რომ მოცემული დასკვნა ცენტრის ხელმძღვანელისაგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული", — ნათქვამია განცხადებაში.
  • გარდა ამისა, ამბობენ, რომ საკითხი სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს და არავის აქვს უფლება ვიწრო პარტიული ინტერესებისათვის ცენტრის სახელი გამოიყენოს.
  • სამინისტროს აზრით, თვალშისაცემია დასკვნის ზედაპირულობა და ავტორთა არაკომპეტენტურობა.
  • "ხარაჩოდან ვიზუალური დათვალიერებით აკრიტიკებენ განხორციელებულ სამუშაოებს, მათ მეთოდოლოგიას და ამას აკეთებენ ისე, რომ არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნიათ", — ნათქვამია განცხადებაში.
  • უწყება "არაკომპეტენტურ თეორეტიკოსებს" ადანაშაულებს იმაში, რომ სამონასტრო კომპლექსში გადარჩენით სამუშაოებს ვეღარ ახორციელებს.

ჩუბინაშვილის ცენტრი: პასუხად ამბობს, რომ სამინისტროს წერილის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებისაგან დიდად დაცილებულ თემებს ეხება და ასეთ საკითხებზე უნაყოფო პოლემიკა მათ მიზანს არ წარმოადგენს.

  • მათივე თქმით, მიუღებელია მცდელობა, უმნიშვნელოვანესი ძეგლის პრობლემებზე საქმიანი კრიტიკული მსჯელობა გადატანილ იქნას სრულიად გაუგებარ ჭრილში.
  • ცენტრი სამინისტროს ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ.
  • განმარტავენ, რომ გულდასაწყვეტია, როცა სამინისტრო მკვლევრებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფად მოიხსენიებს და აცხადებენ იმასაც, რომ ასეთი მუქარანარევი მიდგომა ხელს არ შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი, კრიტიკული აზრის დამკვიდრებას.
  • მათივე განმარტებით, სამინისტროს წერილის შედეგად საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შეექმნათ მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები პოლიტიკური მოტივებით ესხმიან თავს ხელისუფლებას.
  • "დასკვნა შეიცავს სრულიად კონკრეტულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ კონიუნქტურას", — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ცენტრი აღნიშნავს, რომ მათ 2020 წლის ოფიციალურ წერილში, რომელიც სამინისტროს გაუგზავნეს, შეშფოთება გამოთქვეს გელათში შექმნილი ვითარების გამო და კონკრეტული წინადადებებით მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

  • "გამოვთქვამთ იმედს, რომ სამინისტროს მიერ გამოხატული მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის მიმართ უფრო უშუალო გაღიზიანებული ემოციაა, ვიდრე რაციონალური განსჯის შედეგი", — აცხადებენ ისინი.

საპატრიარქო მალევე გამოეხმაურა კულტურის სამინისტროს და აღნიშნა, რომ დასკვნა შესრულებულია მათი უშუალო თხოვნის საფუძველზე, პოლიტიკას ადგილი არ აქვს და ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებით.

  • "მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული", — ნათქვამია განცხადებაში.
  • ასევე წერენ, რომ კულტურის სამინისტროს ნათქვამი, თითქოს დასკვნა პრივატულადაა შესრულებული და არ აქვს ლეგიტიმაცია, ტყუილია.
  • საპატრიარქოში ამბობენ იმასაც, რომ დასკვნის მიღება სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა მოხდა და მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი.
  • მათივე თქმით, ისინი ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს აფასებენ და პატივისცემას უდასტურებენ.