დაავადებათა კონტროლის ყოფილი ხელმძღვანელის წერილები ფორმულამ გაავრცელა.

On.ge-სთან გამყრელიძეს შინაარსი არ დაუდასტურებია. როგორც ამბობს, გავრცელებული მასალა არ წაუკითხავს. თუმცა აღნიშნა, რომ საქმიანი წერილის დაავადებათა კონტროლის ცენტრს ნამდვილად მისწერა და "თავისი შეხედულებები" გაუზიარა.

  • "წერილი კონფიდენციალური იყო, თუ ის გასაჯაროვდა არ ვიცი, როგორ გასაჯაროვდა, ამიტომ მე კომენტარებსა და დეტალიზაციას არ ვაკეთებ, რატომ რისთვის და რა მივწერე", — გვითხრა მან.
  • ამ საკითხზე გამყრელიძე რადიო თავისუფლებასაც ესაუბრა. აღნიშნა, რომ წერილი, რომელიც NCDC-ის მიწერა, სამინისტროსთანაც გადააკოპირა და მასში საკუთარი აზრი გამოთქვა, მათ შორის, მწვავედაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამყრელიძემ, რომელიც NCDC-ის ხელმძღვანელის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა, პოსტი გასული წლის 5 აგვისტოს დატოვა.

  • მანამდე, წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება იყო.
  • გადადგომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობდა, რომ გამყრელიძე თანამდებობას "პირადი განცხადების საფუძველზე" ტოვებს.

პირველი წერილი: გავრცელებული ტექსტის მიხედვით, გამყრელიძის ერთ-ერთი წერილი NCDC-სა და ჯანდაცვის სამინისტროს მიემართება.

  • შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამყრელიძე მის გათავისუფლებაზე საუბრობს.
  • აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას ცალკეული სტრუქტურული ერთეულები სამინისტროსა და NCDC-სთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა.
  • "მადლობა ყველას ვინც ჩართული იყავით ამ პროცესში ჩემს მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ქცევისა და ურთიერთობებისთვის", — წერს ის და დასძენს, რომ ყოველთვის ცდილობს აპატიოს ადამიანებს, თუმცა "არასდროს უნდა იკვეთებოდეს წითელი ხაზები".
  • ამის შემდეგ წერილის ადრესატებს მიმართავს, რომ ალბათ, სინდისის ქენჯნას თავადაც გრძნობენ, რადგან იძულებულები გახდნენ გაეკეთებინათ/მხარი დაეჭირათ იმ პროცესებისთვის, რაც ბოლო თვეებში მის მიმართ მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდული დაფინანსების გამოც აკრიტიკებს და მიუთითებს, რომ ასეთ პირობებში, სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, შემდეგ კი ამ საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე გამოთქმულ პროტესტს ახსენებს.

  • კრიტიკულად აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფორმებსაც.
  • "ეს მნიშვნელოვანი დაწესებულება მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკება, ვერ აძლევს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ თუ ყოველთვიურ სწორ ინფორმაციას დაავადებათა დინამიკის შესახებ ქვეყანაში შესაბამისი მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით. ამის საუკეთესო მაგალითია კოვიდი, გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ამ სეზონზე".
  • მისი თქმით, რცხვენია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია რამდენიმე თვეა უკვე ცენტრის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე აღარ მოიძებნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში დეკემბრის შემდეგ კოვიდშემთხვევების გარკვეული ზრდაა, რისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება საჭირო.
  • "ჩემი თუ არ გჯერათ ჯანმოს საგანგებო კომიტეტის გუშინდელ რეკომენდაციებს მაინც დავუჯეროთ. ვფიქრობ, რომ ისინი ჯერჯერობით ჩვენზე მაინც მეტად გამოცდილი და მცოდნენი არიან და თავი შეიკავეს პანდემიის დასრულების გამოცხადებისგან", — წერს ის.
  • ამ წერილის ბოლოს გამყრელიძე NCDC-ის გუნდს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრის თანამშრომლებს მის მიმართ პირადი წყენა არ დარჩებათ.

მეორე წერილი: ფორმულას თანახმად, ის პირველი თებერვლითაა დათარიღებული და სავარაუდოდ, ცენტრის ახლანდელი ხელმძღვანელის, თამარ გაბუნიას სახელზეა.

  • "არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გამოხმაურდება", — ბიბლიიდან ამ ციტატით იწყებს გამყრელიძე წერილს.
  • შემდეგ კი საუბრობს წინააღმდეგობასა და "ვნებათაღელვაზე", რომელიც, როგორც აღნიშნავს, სხვადასხვა პროექტებზე მის საკონსულტაციო მუშაობასთან დაკავშირებითაა შექმნილი.
  • NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თანამშრომელთა დიდი ნაწილი დათრგუნული და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით ეუბნება, რომ მისი სახელის ხსენების უფლება არ აქვთ.
  • "არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით", — წერს ის.
  • ეხება მის წინააღმდეგ წამოწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიასაც: "რომ თურმე ცენტრში არაფერი კეთდებოდა ჩემი დირექტორობის დროს, წესრიგი მორღვეული იყო, დირექტორი არ ზრუნავდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე".
  • ამბობს, რომ ეს არ დაუმსახურებია და არ იცის, კიდევ რას დააბრალებენ და სადამდე გასწვდება მათი უკიდეგანო ფანტაზია.

პასუხგაუცემელი კითხვები: წერილის ბოლოს ის ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ პასუხს ითხოვს და ჩამოთვლის საკითხებს, რაზეც განმარტებები სჭირდება, კერძოდ:

  • "რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი მიუთითეთ ფაქტები";
  • "რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც კეთროვანთან";
  • ითხოვს პასუხს კითხვაზე, როდემდე უნდა გაგრძელდე მსგავსი პოლიტიკა მის მიმართ და სთხოვს წერილის ადრესატებს, გაითვალისწინონ, რომ ასაკით მათზე ბევრად უფროსია და ხანგრძლივი სამუშაო და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.

წერილს გამყრელიძე კრიტიკულად ასრულებს და ხაზს უსვამს, რომ ასეთი ბინძური და შეურაცხმყოფელი მეთოდით არავინ დაპირისპირებია.

  • "საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცხმყოფელი მეთოდებით", — წერს ის.
  • გარდა ამისა, მიმართავს თამარ გაბუნიას და ურჩევს, ღირსებას და მერკანტილური და დროებითი ინტერესებით ნუ შეილახავს.
  • "ყველაფერი რაც გაქვთ დროებითია. სხვებს არაფრით ჯობიხართ. თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შემთხვევითობის შედეგია. დრო გააქრობს თქვენს ფულს, თანამდებობას, კარგ მანქანას, სახლებს და ყველაფერს რაც მატერიალურია...მთავარი ადამიანობა, ღირსება, სიყვარული და კაცობაა. მათ ვერაფერი წაგართმევთ. ეს არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ", — ასე სრულდება წერილი.

გამოხმაურება: გამყრელიძის მიმართვაზე პირველი კომენტარი ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა და დაწერა, რომ ხელისუფლება ადამიანის დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს.

  • "კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ერთობლივი შრომით გვექცია საქართველო წარმატების მაგალითად";
  • "მადლობა სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს. მთავრობის მხრიდან მათი დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი. მთავრობები იცვლება, ხალხის მსახურება კი მარადიული ღირებულებაა".