ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თრილერის ჟანრის ახალ ფილმში, Conclave, ითამაშებს. კინოსურათის რეჟისორი ედვარდ ბერგერია, რომელიც ასევე გახლავთ ფილმის All Quiet on the Western Front შემქმნელი. აღნიშნული ნამუშევარი წელს ოსკარის 9 ნომინაციაშია წარდგენილი.

ნინიძესთან ერთად, Conclave-ში ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები ითამაშებენ, როგორებიც არიან რეიფ ფაინზი, სტენლი ტუჩი და ჯონ ლითგოუ.

ფილმი რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანს ეფუძნება. მისი მოქმედება ვატიკანში, კათოლიკური კონკლავის ირგვლივ ვითარდება. პაპის გარდაცვალების შემდეგ, კარდინალ ლოურენსს ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევის პროცესის ორგანიზება დაევალება. თუმცა, ამ დაძაბულ პროცესში, რომელსაც თან ახლავს პოლიტიკური ინტრიგები და პირადი ამბიციები, კარდინალი აღმოაჩენს, რომ გარდაცვლილი პაპი მათგან მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავდა.

როგორც ცნობილია, ფილმში მერაბ ნინიძეც კონკლავის მონაწილე ერთ-ერთ კარდინალს განასახიერებს. რეჟისორმა ბერგერმა კი რომში გადაღებები უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ეს ნინიძისთვის პირველი ჰოლივუდური როლი არ არის. მსახიობი, რომელსაც ქართველი მაყურებელი ყველაზე მეტად თენგიზ აბულაძის მონანიებიდან იცნობს, აქამდე გამოჩენილა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა BBC-ის McMafia, დომინიკ ქუკის The Courier და გახმაურებული ამერიკული სერიალი Homeland. 2021 წელს ნინიძეს მთავარი როლი ერგო გერმანულ სატელევიზიო სერიალ Doktor Ballouz-შიც. მსახიობის წარმატება არაერთი პრესტიჟული ჯილდოთი აღნიშნულა. გერმანულმა ფილმმა Nirgendwo in Afrika (არსად აფრიკაში), სადაც ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, 2002 წელს ამერიკული კინოაკადემიის აღიარება და ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის დაიმსახურა.