23 წლის წარმოშობით ერაყელმა ქალმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ინსტაგრამზე გარეგნულად მსგავსი ადამიანი მოძებნა, შეხვედრა სთხოვა და მოკლა, რათა საკუთარი სიკვდილი გაეყალბებინა. მოკლულის ცხედარი თავდაპირველად 23 წლის ქალს მიამსგავსეს, თუმცა გაკვეთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სხვა ადამიანი იყო.

გრძელი შავი თმის, მსგავსი სახის ნაკვთებისა და მაკიაჟის გამო, ბრალდებული და მისი მსხვერპლი იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ გერმანიის პოლიციამ ამ შემთხვევას "ორეულის მკვლელობა" უწოდა. "გამოძიების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრალდებულს ოჯახური კონფლიქტის გამო მიმალვა სურდა და ამ მიზნით საკუთარი სიკვდილი გაითამაშა", — ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციის თქმით, 23 წლის ბრალდებული, რომელიც პროფესიით კოსმეტოლოგია, სოციალური ქსელების მეშვეობით გარეგნულად მსგავს ქალებს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და ამისთვის სხვადასხვა სახელს იყენებდა. ის ქალებს შეხვედრასაც სთხოვდა, რათა სავარაუდო მსხვერპლი შეერჩია. მართალია, მკვლელობის იარაღი ვერ იპოვეს, თუმცა გამომძიებლები თვლიან, რომ მსხვერპლი დანით არის მოკლული.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და მალე მოწმეების დაკითხვა დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 23 წლის ქალს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.