კიდევ ერთი დასკვნა გელათის ტაძრის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დასკვნაში წერია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობებისა, კვლავაც მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

  • "წლების მანძილზე განვითარებული მოვლენები და დარგის მესვეურთა მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით განხორციელებული ქმედებები ცხადად მიუთითებს ფუნდამენტური სისტემური განახლების აუცილებლობას", — ნათქვამია დასკვნაში.

დეტალები: დასკვნაში აღნიშნულია, რომ მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან.

  • დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნით, მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია დარგის მესვეურთა მიერ უგულებელყოფილი მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების შესრულება:

  • გელათის ტაძრების მოხატულობებისა და სტრუქტურებისთვის უსაფრთხო და გრძელვადიანი მუშაობისთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველმყოფი ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობა;
  • ყველა სივრცეში გარემო პირობებისა და მოხატულობების უწყვეტი მონიტორინგი;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული, ანალიზს დაფუძნებული და კონკრეტული ვითარების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და მასალების გამოყენებით შესრულებული გადაუდებელი ფიზიკური სამუშაოები;
  • კონსერვაციის გეგმის შემუშავება და მასზე დაყრდნობით შემდგომი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება;
  • ცენტრს ასევე გადაუდებელ აუცილებლობად ესახება გელათის ძეგლის მართვისა და კონსერვაციის პრობლემების ანალიზის საფუძველზე მკაფიო გადაწყვეტილებების ინიციირება და მიღება;
  • და პროცესების არსებითი კორექტირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების კვალად და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა.