2013 წელს ასტრონომებმა უჩვეულო კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს, სახელად Chariklo, რომელიც ასტეროიდის მახასიათებლებსაც იზიარებს და კომეტისასაც. ის კენტავრის ტიპის სხეულია და, რაც არ უნდა გასაკვირის იყოს, ისეთი 2 რგოლი აქვს, როგორიც ჩვენი მზის სისტემის გასაოცარ პლანეტა სატურნს.

ახლა, 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მეცნიერები მას კიდევ ერთხელ დააკვირდნენ, თუმცა ამჯერად მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიით — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით. ხელსაწყოს მიერ მოპოვებულ სპექტრულ მონაცემებში სპეციალისტებმა წყლის ყინულის კვალს მიაგნეს, რაც ხმელეთზე განლაგებულ სხვა ამგვარ მოწყობილობებს აქამდეც დაუფიქსირებია, მაგრამ არა ასეთი სიზუსტით.

აღსანიშნავია, რომ Chariklo ყველაზე მცირე ზომის ობიექტია, რომელსაც საკუთარი რგოლები აქვს. ის დედამიწაზე 51-ჯერ პატარაა, თუმცა ყველაზე დიდი კენტავრია, რომლის არსებობაც ჩვენთვისაა ცნობილი. სხვა მსგავსი კენტავრების მსგავსად, ის სატურნსა და ნეპტუნს შორის მოძრაობს რეგიონში, რომელიც მზის სხივებს შედარებით მოკლებულია.

ფოტო: NASA, ESA, CSA

სინათლის ნაკლებობის გამო Chariklo-ს დაფიქსირება მარტივი არაა. ამისთვის ვარსკვლავის გამოსხივებაა საჭირო, კერძოდ კი ვების ობიექტივში მოხვედრილი მნათობის დისკოს წინ კენტავრის ჩავლა. ობსერვატორიამ ასეთი იშვიათი კადრი ახლო ინფრაწითელი კამერით წარმატებით გადაიღო და სიკაშკაშის ცვლილების მიხედვით ობიექტის რგოლებიც გამოავლინა.

მეცნიერებმა მეორე ჯერზე რგოლების მიერ არეკლილი სხივების სპექტრული მახასიათებლებიც შეისწავლეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მონაცემები Chariklo-ს შესახებ ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.