ამერიკელი მსახიობი ლიზა ლორინგი 64 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. ლორინგი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც ადამსების ოჯახის 1964 წლის სატელევიზიო ადაპტაციაში უენსდეის როლი შეასრულა. მსახიობი 5 წლის იყო, როცა უენსდეის როლზე დაამტკიცეს.

ლიზა ლორინგი 1958 წელს მარშალის კუნძულებზე დაიბადა. მოგვიანებით კი ლიზა დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 3 წლის ასაკში მოდელობა დაიწყო, 5 წლის ასაკში კი პირველი როლი მიიღო სერიალში Dr. Kildare.

ფოტო: ABC

მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა უენსდეის ადამსის როლმა მოუტანა და კინომცოდნეთა შეფასებით, ლიზას მიერ განსახიერებულმა უენსდეიმ მომდევნო სიტკომებისა და ფილმების ამ პერსონაჟზე დიდი გავლენა მოახდინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ლორინგი სამი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, ბოლოს კი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.