გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი ამბობს, რომ ის რუსთავი 2-ის დირექტორობას არ აპირებს. ამის შესახებ ის ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

"ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა - რუსთავი 2-ის დირექტორობას. ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან,პერიოდულად ვხვდებით თბილისშიც და კიევშიც. ვსაუბრობთ ყველაფერზ ე- მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკაზე, მედიაზე, რუსთავი 2-ზე და ა.შ.

ორი დღის წინ ჩამოვიდა, შევხვდით. ბუნებრივია, ამ და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გავრცელებული ჭორებიც, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას უკავშირდება. ნიკა გვარამიას დირექტორის პოსტიდან გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა. შესაბამისად, დირექტორობაზე შეთავაზება არ მიმიღია. ნიკა გვარამიას გადადგომა, ჯერჯერობით, არის დაუდასტურებელი ინფორმაცია, ველოდები მის განცხადებას.

იმედი მაქვს, მენეჯმენტი, გენერალური დირექტორი და ტელევიზიის კოლექტივი შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულ გამოსავალს მონახავს".

8 ივნისს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა, ოფიციალურად ეს ფაქტი ჯერ არც დამფუძნებლებს დაუდასტურებიათ და არც - გვარამიას.

On.ge-ს ინფორმაციით, ყადაღისა და დროში გაწელილი სასამართლო პროცესების გამო, არხს აქვს ფინანსური პრობლემები, რაც შეიძლება გამხდარიყო გვარამიას მიერ თანამდებობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი. On.ge კვლავ ცდილობს გვარამიას გადადგომის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას.

არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ ჯერჯერობით, ნიკა გვარამია დირექტორად რჩება, თუმცა ტელეწამყვანმა გვარამიას მადლობა გადაუხადა მუშაობისთვის და მას წარმატებები უსურვა.