შედეგები ხვალ, 30 იანვარს გახდება ცნობილი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ხმის მიცემა გუშინ, 28 იანვარს დაიწყო.

  • არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით ტარდება — ხმის მისაცემად 50 000-მდე ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
  • მონაწილეობას 4 კანდიდატი — ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იღებენ.

დეტალები: გიორგი მუმლაძის შტაბის წარმომადგენლის, ალექსანდრე მილორავას განცხადებით, ხმის მიცემის დასრულება რეგისტრირებულთა 9%-მა, ანუ, 4 ათასზე მეტმა ადამიანმა ვერ შეძლო და დღის მანძილზე მათ ხელახალი ვერიფიკაციის კოდი უნდა მიიღონ.

  • მისი თქმით, თუ აღნიშნული 9% ხმის მიცემას ვერ შეძლებს, ნიშნავს იმას, რომ "ფაქტობრივად, არჩევნები არ ჩატარებულა".
  • მილორავამ, ასევე, აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ჰაკერულ შეტევსაც.
  • "მაგრამ როგორც ამერიკელები ირწმუნებიან, ვერ შეაღწიეს სისტემაში", — დასძენს ის.

ხაბეიშვილის შტაბის წევრის, ლაშა ფარულავას თქმით, აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რომ 21 ათასზე მეტმა მხარდამჭერმა საკუთარი არჩეევანი უკვე დააფიქსირა.

  • "გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალ, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება მყარი, სავარაუდოდ, ციფრებში 30 ათას ხმას ვგულისხმობ".
  • კომისიის წევრი, ნინო კიტაიშვილი კი აღნიშნავს, რომ ციფრებზე აპელირება "საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობაა", რადგან სისტემაში არ ჩანს, თუ რამდენმა და რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი.