ინფორმაცია საფარმა გაავრცელა, რომელიც ხანუმ ჯეირანოვას შვილების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციომ ფინანსთა სამინისტროს საჩივარი არ დაუკმაყოფილა და 100 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ძალაში დატოვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2014 წლის 16 სექტემბერს ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს.

  • ორგანიზაცია საფარის ცნობით, პოლიციამ და გამგებელმაც შეიტყო ამ ფაქტის შესახებ, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
  • ჯეირანოვა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
  • 2021 წელს კი ჯეირანოვას საქმეზე გაერომ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა და შვილებისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა.

დეტალები: საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს, კერძოდ ფინანსთა სამინისტროს ჯეირანოვას ორი შვილისთვის ჯამში 100 000-ლარიანი კომპენსაცია 2022 წლის ოქტომბერში დააკისრა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამინისტრომ

  • როგორც საფარი აცხადებს, ფინანსთა სამინისტრომ "ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით" კომპენსაციის ოდენობის შემცირება მოითხოვა.
  • "უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით განისაზღვრა მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა", — წერს ორგანიზაცია.
  • საფარის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის განმარტებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაზარალებულების მიერ გადატანილი ტრავმებისა და ზიანის შესაბამისად განისაზღვრა.
  • On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა — მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი მხოლოდ 8 წლისა და გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა.

  • სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობის საქმეზე და მათ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • თუმცა ორგანიზაცია საფარი აღნიშნავს, რომ მათ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალი მოუხსნეს, რასაც სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
  • ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი კაცი, რომელსაც გამოძიება დამამცირებელი მოპყრობის გარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება — მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება