დისნეის ახალ სერიალში, პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები, კიდევ ორი პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობების ვინაობა გახდა ცნობილი. რიკ რიორდანის ამავე სახელწოდების წიგნების სერიის ეკრანიზაციაში ზევსის როლს ლენს რედიკი ითამაშებს, პოსეიდონს კი ტობი სტივენსი განასახიერებს.

ახალ ინფორმაციასთან ერთად, უკვე ვიცით სხვა მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც. პერსი ჯექსონის როლში უოკერ სკობელს ვიხილავთ, ანაბეთს ლეა სავა ჯეფრისი ითამაშებს, გროვერს კი არიან სიმჰადრი განასახიერებს.

ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზი საგის მიხედვით სერიალის გადაღება Disney+-მა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დააანონსა. ამასთან, შარშანვე გავრცელდა სერიალის პირველი ტრეილერი.

დისნეის სერიალის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი წიგნების ავტორი რიკ რიორდანია. ამასთან, მწერალმა საპილოტე ეპიზოდის სცენარზეც იმუშავა.

ფოტო: 20th Century Studios

აღსანიშნავია, რომ ეს პერსი ჯექსონისა და ოლიმპოელების პირველი ეკრანიზაცია არ გახლავთ. სერიის პირველი ორი წიგნი წინა ათწლეულში ფილმებადაც გადაიღეს, სადაც მთავარი გმირი ლოგან ლერმანმა განასახიერა. ორივე ფილმმა ჯამურად $425 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

ხუთი წიგნისგან შემდგარი პერსი ჯექსონის სერიის გამოცემა რიორდანმა 2005 წელს დაიწყო. საგის ბოლო ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, თუმცა, სერია უკვე 600 კვირაზე მეტია, რაც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პოზიციებს არ თმობს. მსოფლიოში წიგნების 180 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სერიის ხუთივე ნაწილი თარგმნილია ქართულადაც.