ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილმა 9 ნოემბერს შიდაპარტიული არჩევნები, მათ შორის, ახალი თავმჯდომარის არჩევა მოითხოვა.

  • ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. მისი კონკურენტები არიან არიან ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.
  • არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება — ხმის მისაცემად ამ დროისთვის 49 756 ამომრჩეველია დარეგისტრირებული
  • "ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე", — ასეთია ხაბეიშვილის 12-პუნქტიანი გეგმის მიზანი.

დეტალები: ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და რუსული ზეგავლენისგან თავის დასაღწევად მნიშვნელოვანია, ნაციონალური მოძრაობა ძლიერი იყო.

  • მისი თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა 30 იანვარს, გამარჯვებისთანავე ამოქმედდება.

პირველი ნაბიჯი, რასაც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი აანონსებს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა.

  • მისივე განცხადებით, შეიქმნება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი.

მეორე: ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია მოხდება და გენერალურ სამდივნოსთან სრულფასოვანი სტრუქტურა ჩამოყალიბდება, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი უხელმძღვანელებს.

მესამე: გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ის ლიდერი მიზნად ისახავს თბილისის პარტიული ორგანიზაციის გაძლიერებას, რაიონული ორგანიზაციები კი არჩევითი უნდა გახდეს.

მეოთხე: უნდა გააქტიურდეს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ხაბეიშვილის თქმით, ახლა ქმედუუნაროა.

  • "ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც ნაციონალურ მოძრაობაში", — თქვა მან

მეხუთე: თავმჯდომარეობის შემთხვევაში ხაბეიშვილი რაიონული ორგანიზაციების გაძლიერებას გეგმავს.

  • მისი თქმით, სწორედ მათ მხრებზე იდგა უკანასკნელ წლებში ენმ და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები ბრძოლის წინა ხაზზე უნდა იყვნენ.

მეექვსე: საკრებულოს წევრების ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის ჩამოყალიბება.

მეშვიდე: ხაბეიშვილი გეგმავს, შექმნას პოლიტიკური საბჭო, რომელიც არჩევითი იქნება.

მერვე: ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება და ქალების აქტიური წარმომადგენლობა "პარტიულ ინფრასტრუქტურაში".

მეცხრე: ემიგრანტების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მეათე: ჩამოყალიბდება ენმ-ის სათათბირო, სადაც მოწვეულები იქნებიან სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ჩართულობით პარტია საპროგრამო დოკუმენტს შეიმუშავებს.

მეთერთმეტე: გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება.

მეთორმეტე: ენმ-ის ყრილობა, რომელიც, ხაბეიშვილის თქმით, ყველა საჭირო ცვლილებებს დაამტკიცებს და პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის.