კაიროდან დაახლოებით 24 კილომეტრის მოშორებით განლაგებული საფეხურებიანი პირამიდის მიმდებარედ არქეოლოგებმა მუმია აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, ეგვიპტეში ნაპოვნ მსგავს ნიმუშებს შორის უძველესია. მისი ასაკი 4 300 წელია.

მუმია კაცს, სახელად ჰეკაშიპისს ეკუთვნის, რომელიც ოქროს ფურცლით დაფარულ კირქვის სარკოფაგში იყო დასვენებული. ამ უკანასკნელს მეცნიერებმა 15-მეტრიანი ღრმულის ფსკერზე მიაგნეს. მას ისიც გამოარჩევს, რომ დღემდე თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ახალაღმოჩენილი სამარხები მეხუთე და მეექვსე დინასტიების დროინდელია, ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 2 686-2 181 წლების.

ფოტო: Mohamed Abd El Ghany

ფოტო: The Ministry of Tourism & Antiquities

ერთ-ერთი სამარხი ხნამჯედეფისაა, რომელიც სახელმწიფო საქმეებში ჩართულ პირებსა და წარჩინებულებს ზედამხედველობდა. ასევე, ის უნასის, მეხუთე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის სახელობის პირამიდათა კომპლექსის ქურუმი იყო.

"რიგით მეორე ყველაზე დიდი აკლდამა მერის ეკუთვნის, რომელსაც მრავალი მნიშვნელოვანი ტიტული ჰქონდა, როგორიც მესაიდუმლეობა და სასახლის დიდი წინამძღოლის თანაშემწეობაა", — ამბობენ მეცნიერები.

ფოტო: Mohamed Abd El Ghany

პირამიდის მახლობლად არქეოლოგებმა სხვა საინტერესო ობიექტებსაც მიაგნეს. მაგალითად, ქვისა და ხისგან გამოთლილ ქანდაკებებს, რომელთაგანაც ზოგი წყვილებს ასახავს.

ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა ეგვიპტეში შექმნილი პირველი ასეთი ნაგებობა, რომელიც 5 700 წლის წინ აშენდა. მის მიმდებარედ მრავალი საფლავია აღმოჩენილი ისევე, როგორც მუმიფიცირებული ლომები და 2 600 წლის წინანდელი ჰალუმის ყველი. სავარაუდოდ, ეს ტერიტორია კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.