თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი კორნელიუს კატონა დაიკითხა, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

  • ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევა პირადად ჩაუტარა 2022 წლის ნოემბერში — ის კლინიკა ვივამედში იმყოფებოდა.
  • კატონა აცხადებს, რომ მძიმე დარღვევები აღმოაჩინა პაციენტის ყურადღების, მეხსიერების, მეტყველებისა და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით.
  • "პაციენტის გასინჯვის შედეგად აღმოვაჩინე პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დემენცია", — თქვა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე.

დეტალები: ფსიქიატრმა დაასახელა რამდენიმე მიზეზი რასაც შეიძლება, ნეირო-კოგნიტიური აშლილობა გამოეწვია.

  • პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი რეფიდინგი (კვების აღდგენა), ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, მისი აუხსნელი ცხელება, ასევე, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის გამო";
  • "ასევე, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა და ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები".
  • ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის გაწეული მკურნალობა ადეკვატური არ იყო.

გარდა ამისა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს არ მიუღია რაიმე სპეციფიკური მკურნალობა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის წინააღმდეგ.

  • კატონა ამბობს, ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება გარემოში, სადაც თავს დაცულად არ გრძნობს, რაც წამყვანია ამ დიაგნოზის შენარჩუნების თვალსაზრისით.
  • "ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით, განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც გააჩნიათ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში".
  • "მისი პატიმრობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია იქნეს ადეკვატურად ნამკურნალევი".
  • "სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს".

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი მძიმე, ქრონიკული პაციენტი, ბრიტანელი ფსიქიატრი პასუხობს — დიახ.

  • ასევე ადვოკატის კითხვის პასუხად, ის საუბრობს, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და სასჯელის მოხდის თვალსაზრისით ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.
  • ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს ფსიქოთერაპია პენიტენციური სამსახურის მხრიდან თვალთვალისა და მიყურადების პირობებში ვერ ჩაუტარდება და ვიდეომეთვალყურეობის პირობებში მკურნალობა უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას.

ამასთან, პენიტენციურის წარმომადგენლებმა ბრიტანელ ექსპერტს ჰკითხეს, თუ სააკაშვილის კოგნიტური მდგომარეობა მართლაც ასეთი ღრმა და გლობალურია, მაშინ როგორ შეუძლია მსჯავრდებულს გაიხსენოს შესაძლო ძალადობის ინციდენტები და დეტალურად, განუწყვეტლივ ისაუბროს მათზე.

  • კითხვაზე ექსპერტი აცხადებს, რომ ეს დიაგნოზი სულაც არ ნიშნავს, რომ პაციენტს არაფერი უნდა ახსოვდეს.
  • კატონას თქმით, აღნიშნული დიაგნოზის დროს პაციენტებს ძირითადი მოვლენები ახსოვთ, ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის გახსენება შეუძლია.

არქივიდან: რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლო შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლომ რამდენიმე ექსპერტი დაკითხა,