ახლახან გამოცემაში Nature Geoscience ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, 2009-2020 წლების შუალედში დედამიწის მყარი შიდა ბირთვი გაჩერდა და ბრუნვის მიმართულება შეიცვალა.

იხილეთ: მკვლევართა ვარაუდით, დედამიწის შიდა ბირთვი გაჩერდა და ბრუნვის მიმართულება შეიცვალა

კვლევის ფარგლებში პეკინის უნივერსიტეტის სეისმოლოგებმა მიწისძვრებისაგან წამოსული სეისმური ტალღები შეისწავლეს და დასკვნა ამის შედეგად გამოიტანეს.

ვინაიდან ამბავი წარმოუდგენლად ჟღერს და ერთი შეხედვით ჰოლივუდური ფილმის სცენარსაც მოგვაგონებს, CNN-ის ეთერში ცნობილი თეორეტიკოს-ფიზიკოსი, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის პროფესორი მიჩიო კაკუ მოიწვიეს. მან ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კითხვას უპასუხა.

"ეს უწყება ჰოლივუდიდან არ წამოსულა, იგი პეკინის უნივერსიტეტის პატივსაცემ მკვლევრებს ეკუთვნით, რომლებმაც ექოები შეისწავლეს", — აცხადებს ის — "როდესაც მიწისძვრა ხდება, დარტყმითი ტალღები დედამიწის შიგნით ექოსავით მეორდება, ხოლო კომპიუტერების საშუალებით მათი შესწავლით დედამიწის შიგნეულობის მოდელი შეგიძლიათ შექმნათ".

თავად მოვლენა, შესაძლოა, ბუნებრივ ციკლს მიეწეროს, რომელიც დაახლოებით 70 წელს გრძელდება — დედამიწის შიდა ბირთვი სწორედ ამ ინტერვალში იცვლის ბრუნვის მიმართულებას.

ასევე იხილეთ: დედამიწის შიდა ბირთვის მოძრაობა ცვალებადია — რას ნიშნავს ეს

კაკუს ვარაუდით, ეს ასეცაა, თუმცა მეცნიერებს პლანეტის ამ ნაწილის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, დამატებითი მონაცემების გარეშე, მიზეზებზე დაზუსტებით საუბარი რთულია. მეორე მხრივ, ბრუნვის შეჩერება და მისი მიმართულების ცვლილება დედამიწის ქერქს, ანუ იმ შრეს არ ეხება, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ.

"დედამიწის [შიდა] ბირთვი ერთგვარ მელასაშია მოთავსებული და დედამიწის ქერქისაგან დამოუკიდებლად შეუძლია ბრუნვა", — გვიხსნის კაკუ.

შესაბამისად, ბრუნვას წყვეტს და მიმართულებას იცვლის არა თავად დედამიწა (და მიწა, რომელზეც ვდგავართ), არამედ ჩვენი პლანეტის ყველაზე შიდა ნაწილი, მისი შიდა ბირთვი, რომელსაც გარე თხევადი ბირთვი აკრავს გარს. ამრიგად, ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს და არც რაიმე საფრთხე გვემუქრება.

მიუხედავად ამისა, კვლევისაგან მიღებული ინფორმაცია სამეცნიერო საზოგადოებისათვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. კაკუს თქმით, შესაძლოა, ეს დაგვეხმაროს გავიგოთ, თუ რატომ შორდება კონტინენტები ერთმანეთს. ამასთანავე, ინფორმაციას მივიღებთ მიწისძვრებისა და სულაც დედამიწის სტაბილურობის შესახებ.

"ძალიან ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ რა გვაქვს ფეხქვეშ. სწორედ ამიტომ, ექოებისაგან მიღებული ინფორმაცია, კომპიუტერული ანალიზის შედეგად მიღებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწის მომავალზე გვიყვება", — აცხადებს ის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.