ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების განცხადებით, საქართველოს მოქალაქემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღება წარმოადგენდა.

  • ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები ჩაიდინეს, რომლებიც მოიცავდა ასეულობით მილიონი აშშ დოლარის მრავალეპიზოდიან თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, კიბერდანაშაულსა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას.

დეტალები: სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოპოვებული ასობით მილიონი დოლარისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს, ფიქტიური დანიშნულებებით მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციები განახორციელეს და თანხები ძვირადღირებულ უძრავ ქონებებში დააბანდეს.

  • საბოლოოდ, 3-მა ბრალდებულმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული 13 იურიდიული პირის გამოყენებით, 111 000 000 დოლარისა და 2 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
  • დანაშაული ფიზიკური პირების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, იურიდიული პირების შემთხვევაში კი — ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმას.