"ყალბი" ხმალი, რომელიც რომელიც უკვე ერთი საუკუნეა ჩიკაგოს მუზეუმის კოლექციის ნაწილია, სინამდვილეში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტი აღმოჩნდა — ხმალი არც მეტი, არც ნაკლები, 3000 წლის წინ გამოიჭედა.

კურატორები "ევროპის პირველი მეფეების" თემატიკის გამოფენის ორგანიზებაზე მუშაობდნენ, როცა ეს საოცარი ფაქტი აღმოაჩინეს. მუზეუმის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 91სმ-ის სიგრძის ბრიჯაოს ხმალი მუზეუმის სარდაფში 1930-იანი წლებიდან ინახება, ანუ მას შემდეგ, რაც ის ბუდაპეშტის მახლობლად, მდინარე დუნაის სანაპიროსთან ამოთხარეს.

ხმლისა და აბჯრის წყალში ჩაყრა ბრინჯაოს ხანაში საკმაოდ გავრცელებული ტრადიცია იყო. ამ გზით ადამიანები ბრძოლის ველზე დაცემულ საყვარელ ადამიანებსა და ახლობლებს პატივს მიაგებდნენ.

ზოგჯერ ისინი საბრძოლო ნაჯახებს უბრალოდ მარხავდნენ, ამიტომ მუზეუმებში მსგავსი ნაჯახები მრავლადაა. მიუხედავად ამისა, გაუგებარია, რატომ ეგონათ ხმალი ყალბი ამდენი ხნის განმავლობაში.

ანთროპოლოგისა და ჩიკაგოს მუზეუმის კურატორის, უილიამ პარკინსონის განცხადებით, სავარაუდოდ, შეცდომა ასი წლის წინ, მექანიკურად დაუშვეს და მას შემდეგ ეს ფაქტი აღარავის გადაუმოწმებია.

სინამდვილეს ფარდა უნგრელმა მეცნიერებმა ახადეს, რომლებმაც მუზეუმს ხმლის საკვლევად გადაცემა სთხოვეს. არქეოლოგებმა დაასკანერეს იარაღი, გამოიკვლიეს მისი ქიმიური შემადგენლობა და ის ბრინჯაოს ხანის ევროპის სხვა ნიმუშებს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ხმლის ბრინჯაოს, სპილენძისა და კალის შემადგენლობა სხვა ნიმუშების თითქმის იდენტური იყო.

პარკინსონის თქმით, ისტორია კომიკურია, რადგან ძირითადად პირიქით ხდება ხოლმე — ის, რაც მეცნიერებს რეალური ჰგონიათ, ხშირად ყალბია. შესაბამისად, ხმალმა მუზეუმის სარდაფიდან პირდაპირ საპატიო ადგილას, გამოფენაზე გადაინაცვლა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.