საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კანონმდებლობაში ცვლილებები შევა, რაც გამორიცხავს ქართული ცხვრის სახელით უცხო ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვრის ექსპორტზე გაყვანას.

"ვეტარინარიის თვალსაზრისით საქართველოს კეთილსაიმედო ქვეყანაა, ამასთან ქართული ცხვარი მაღალი ხარისხობრივი მახასიათებლებით გამოირჩევა, თუმცა არსებობდა სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც სხვა ქვეყნებიდან, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ხდებოდა წვრილფეხა პირუტყვის შემოყვანა. იყო შემთხვევები, როდესაც შემოყვანილი ცხვარი ქართულს ერეოდა, რაც ვეტერინარული თვალსაზრისით გარკვეულ რისკებს აჩენს," - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტრს აღნიშნულ რისკებზე აღარ უსაუბრია, თუმცა ქართული ცხვრის გასაჭირზე 27 მაისს, გამოქვეყნდა სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება. სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ თუ 2009 წელს ქართული ცხვრის ექსპორტში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ლიბანიდან, იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან 21 კომპანია მონაწილეობდა, 2013 წელს საზღვარგარეთ ცხვარი მხოლოდ ხუთმა კომპანიამ გაიყვანა. ამ ხუთი კომპანიიდან კი 2 ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირია.

ექსპორტის შემცირების მიზეზი, სტუდია მონიტორის ცნობით, პრივილეგირებული კომპანიის მიერ, ხელისუფლების მფარველობით, შემუშავებული სქემა გახდა. დაიწყეს სომხეთიდან ცხვრის შემოყვანა და შემდეგ უცხოურ ბაზარზე გაიყვანა. თუ ცხვარი იმპორტირებულია მან საქართველოს ტერიტორიაზე ექვსი თვე უნდა გაატაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი გაყვანა ექსპორტზე ქართული სახელით. სწორედ ეს პროცედურები ირღვეოდა სომხური ცხვრის იმპორტის დროს. სომხური ცხვრის გაყვანის შემთხვევაში, კომპანიას უფრო დიდი მოგება, თითო ცხვარზე 20-30 დოლარი რჩებოდა, ქართული ცხვარზე მოგება კი 2 დოლარი იყო.

გარდა ამისა, სომხური ცხვრის იმპორტის დაწყება ზუსტად ემთხვევა ქართულ ცხვარში ორი ახალი დაავადების გაჩენას. ბიზნესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ კარანტინი დაცული არ იყო და დაავადებული ცხვარი ექსპორტზეც გავიდა.

სწორედ კარანტინის წესის გამკაცრებას გვპირდება სოფლის მეურნეობის მინისტრი.