ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან შორეული გალაქტიკები დააფიქსირა, რომელთაგანაც ერთ-ერთში ასტრონომებმა ჟანგბადის კვალს მიაგნეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ მანძილზე მდებარე სისტემაში აქამდე ეს ელემენტი არასდროს აღმოუჩენიათ.

ხსენებული გალაქტიკა GHZ2/GLASS-z12-ის სახელითაა ცნობილი. მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ის იმ სახით "დაინახა", როგორიც დიდი აფეთქებიდან მხოლოდ 367 მილიონი წლის შემდეგ იყო. მეცნიერებმა ობიექტისკენ ატაკამის უდაბნოში მდებარე ინტერფერომეტრი ALMA-ც მიმართეს და ჟანგბადის შესაბამისი სპექტრული სიგნალი მიიღეს, რითაც პირველადი მონაცემების მართებულობა დაადასტურეს.

ფოტო: NASA / ESA / CSA

იქ ამ ელემენტის არსებობა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. სამყაროში წარმოქმნილი პირველი ვარსკვლავები წყალბადისგან და ჰელიუმისგან შედგებოდა, მათ შუაგულში დაძრულმა ბირთვულმა რეაქციებმა კი უფრო მეტი კომპონენტის ფორმირებას შეუწყო ხელი, რომელიც კოსმოსში გავრცელდა. მნათობთა ასეთი ადრეული პოპულაციების გამოკვლევა გალაქტიკათა ევოლუციის უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება.

ტელესკოპების მიერ მოპოვებული სპექტრული მონაცემები ცხადყოფს, რომ GHZ2/GLASS-z12 წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებით დროის მცირე მონაკვეთში გამდიდრდა. დაფიქსირებულია სავარაუდო მასშტაბური აფეთქებების ნიშნებიც, რომელთა შედეგადაც აირის ნაკადები გალაქტიკის ცენტრიდან პერიფერიისკენ და უფრო მოშორებითაც გაიფანტა.

ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.