ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის ცნობილი წიგნების სერია გიკი გოგო სერიალად იქცევა. პოპულარულმა სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსმა ეკრანიზაციის უფლება უკვე მოიპოვა.

როგორც ცნობილია, პროექტზე კანადური და ბრიტანული საპროდიუსერო კომპანიები იმუშავებენ, გადაღებები კი მიმდინარე წელსვე დაიწყება. თინეიჯერების საყვარელი წიგნების სერიას 10-ეპიზოდიან სერიალად გადაიღებენ.

გიკი გოგო 15 წლის მოზარდის, ჰარიეტ მანერსის, შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თანატოლებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და მეტიც, სკოლაში გამუდმებული დაცინვის სამიზნეა. თუმცა, მანერსის ცხოვრებაში ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მოდელობის შანსი ეძლევა. აღსანიშნავია, რომ წიგნის სიუჟეტი ნაწილობრივ ეფუძნება ავტორისეულ გამოცდილებას.

ქართულ ენაზე გიკი გოგოს სერიის ექვსივე წიგნია თარგმნილი

ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L

გიკი გოგო ჰოლი სმეილისთვის სადებიუტო წიგნი იყო, რომელიც 2013 წელს გამოიცა. მას შემდეგ რომანს არაერთი გაგრძელება მოჰყვა. სერია ითარგმნა 30-მდე ენაზე, მათ შორის — ქართულად. სმეილის წიგნები საქართველოში გამომცემლობა პალიტრა L-მა გამოსცა პროექტ ლიბერთინსის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ გიკი გოგო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ თინეიჯერებში. მისი წიგნების გამოცემას მაღაზიებთან რიგები ახლდა ხოლმე. თავად ბრიტანელი ავტორი კი 2018 წელს საქართველოსაც ეწვია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში.