1947 წლიდან მოყოლებული, ე.წ. განკითხვის დღის საათი სხვადასხვა საფრთხის გამო ქვეყნიერების აღსასრულთან ჩვენს სიახლოვეს გვაგებინებს. ესაა სიმბოლო, რომელიც ჰიპოთეზურ გლობალურ კატასტროფაზეა ორიენტირებული და საათზე შუაღამის სახითაა წარმოდგენილი.

ახლახან მეცნიერებმა ისრები წინ გადაწიეს — შუაღამემდე უკვე 90 წამია დარჩენილი, იმაზე ცოტა დრო, ვიდრე ოდესმე. ეს მოვლენა არც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება და არც სხვა მსგავს საშიშროებას, არამედ ჩვენს აგრესორ ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს და უკრაინაში მის შეჭრას.

"რუსეთის მცირედ შეფარული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მსოფლიოს ახსენებს, რომ შემთხვევით, განზრახ ან გაუთვლელად კონფლიქტის ესკალაცია საშინელი რისკია. შანსი, რომ კონფლიქტი კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, დიდია", — აცხადებენ განკითხვის დღის საათზე მომუშავე სპეციალისტები.

ფოტო: AP

აღსანიშნავია, რომ რუსეთს, უფრო სწორად კი საბჭოთა კავშირს, ადრინდელი მსგავსი პრეცედენტებიც უკავშირდება. ამის მაგალითია 1983 წლის მოვლენა, როცა სსრკ-ს რადარებმა სიგნალები დააფიქსირა, რომლებიც აშშ-დან მომავალ, იარაღით დატვირთულ საიდუმლო თვითმფრინავებს მიაწერეს. პროტოკოლი შეტევას ითვალისწინებდა, თუმცა ის, საბედნიეროდ, არ შესრულდა. მაშინდელი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის წარმომადგენელი, სტანისლავ პეტროვი, მიხვდა, რომ საქმე ცრუ განგაშთან ჰქონდა. ასე ავიცილეთ თავიდან ბირთვული შეტაკება.

მეცნიერები ამბობენ, რომ რუსეთის აგრესია ახალი ცივი ომის გაჩაღებას უწყობს ხელს და კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ჩვენს გლობალურ ძალისხმევას ძირს უთხრის. ასევე, ქვეყნის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა ბიოიარაღს ქმნის, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ ისინი ამას თავად აკეთებენ.

მეცნიერთა აზრით, აუცილებელია, NATO-სა და რუსეთს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები წარიმართოს, რათა ომი არ გაღვივდეს და პლანეტას კატასტროფა ავაცილოთ თავიდან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.