გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახლახან დედამიწის მყარი შიდა ბირთვი გაჩერდა და ბრუნვის მიმართულება შეიცვალა. ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ზემოხსენებული ბირთვის ბრუნვაში არსებული ცვლილება დედამიწის ზედაპირის სისტემის პერიოდულ ცვლილებებს ემთხვევა.

დედამიწის შიდა ბირთვს პლანეტის მყარი ნაწილისაგან თხევადი გარე ბირთვი ყოფს და მას თავად დედამიწის ბრუნვისაგან განსხვავებული ტრიალის საშუალებას აძლევს. შიდა ბირთვის ბრუნვას, კერძოდ, გარე ბირთვში წარმოქმნილი მაგნიტური ველი განაპირობებს, ხოლო მანტიის გრავიტაციული გავლენა კი მას აბალანსებს.

ასევე იხილეთ: დედამიწის შიდა ბირთვის მოძრაობა ცვალებადია — რას ნიშნავს ეს

იმის ცოდნა, თუ როგორ ბრუნავს შიდა ბირთვი, შესაძლოა, პლანეტის შრეების ურთიერთქმედების გამორკვევაშიც დაგვეხმაროს. მიუხედავად ამისა, ტრიალის სიჩქარე და მისი ცვალებადობა საკამათო საკითხია.

ახლახან დოქტორმა სიაოტუნგ სუნგმა და ი იანგმა, პეკინის უნივერსიტეტის სეისმოლოგებმა, 1960-იანი წლებიდან მომხდარი ერთმანეთის მსგავსი მიწისძვრები შეისწავლეს, უფრო ზუსტად, სეისმური ტალღების ფორმებს შორის განსხვავებები და მათი გადაადგილების დრო. შედეგად ივარაუდეს, რომ 2009-2020 წლების შუალედში შიდა ბირთვი გაჩერდა და ბრუნვის მიმართულება შეიცვალა.

ავტორები აცხადებენ, რომ ეს ვარიაცია დედამიწის ზედაპირის გეოფიზიკურ მონაცემებში არსებულ ცვლილებებთანაც არის თანაფარდობაში. მაგალითად, შიდა ბირთვის ბრუნვის მიმართულების ცვლილება დღის ხანგრძლივობას სულ ოდნავ შეამცირებდა და დედამიწის მაგნიტურ ველზეც იქონიებდა გავლენას, თუმცა ეს ჩვენთვის სრულიად შეუმჩნეველი იქნებოდა.

"თეორიულად, ეს დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის მონაცემები გვაქვს ხელთ", — განაცხადა სიაოტუნგ სუნგმა, კვლევის თანაავტორმა.

მეორე მხრივ, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ჯონ ვიდალი, სეისმოგრამების შემსწავლელი ამერიკელი სეისმოლოგი, კვლევაში გამოყენებული სეისმური მონაცემების სხვაგვარ ინტერპრეტაციებსაც გვთავაზობს:

"მათ მიერ შემჩნეული ცვლილებები სწორია, თუმცა არც ისე ნათელია, სინამდვილეში რა ხდება", — აცხადებს იგი WSJ-სთან ინტერვიუში — "მათ ძალიან კარგი ანალიზი აქვთ და ნაშრომში მოყვანილი თეორია, ალბათ, ამ დროისათვის არსებულ თეორიებზე არანაკლებ დამაჯერებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ალტერნატიული იდეაც".

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბირთვი ბრუნვას შედარებით მოკლე ინტერვალებით იცვლის და არა 70-წლიანი ციკლით, როგორც ნაშრომის ავტორები ასახელებენ. მეორე მხრივ, სხვები თვლიან, რომ შიდა ბირთვის ბრუნვაზე გავლენა, შესაძლოა, დედამიწის ზედაპირის სისტემას ჰქონდეს, მაგალითად, ტექტონიკური ფილების მოძრაობასა და ოკეანის დინებებს.

თავისთავად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს. მეორე მხრივ, შიდა ბირთვის პოტენციური შეჩერებისა და შებრუნების აღმოჩენამ, შესაძლოა, დედამიწის ზედაპირთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.

მიჩნეულია, რომ შიდა ბირთვის ბრუნვას დედამიწის მაგნიტური ველის ჩამოყალიბებაში მიუძღვის წვლილი, რომელიც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე რადიაციისაგან იცავს. შესაძლოა, ამან გავლენა დღეების ხანგრძლივობასა და დედამიწაზე სითბოს განაწილებაზეც იქონიოს.

საბოლოო ჯამში, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნაშრომმა არაერთ ახალ კვლევას შეიძლება დაუდოს საფუძველი. სამეცნიერო საზოგადოება მონაცემების შეგროვებასა და საკითხის უკეთ შესწავლას განაგრძობს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მათ სამომავლო მიგნებებს მივადევნოთ თვალი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.