ამ თემაზე ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, მიხეილ სააკაშვილის დედამ და ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

  • სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • ამერიკელი ნევროლოგი კი აცხადებს, რომ სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.
  • 24 იანვარს ექსპრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც აჩენს შიშს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდება.

რას ამბობს ხაჭაპურიძე: ადვოკატის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტმა უკვე მესამედ დაკარგა გონება, აქვს ტემპერატურა, კოვიდისა და მისი დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

  • მისივე თქმით, სააკაშვილი ვეღარც დამხმარე საშუალებით გადაადგილდება და სიცოცხლე აშკარა საფრთხეშია.
  • "ასეთი ადამიანი პალატაში გყავდეს წარმოუდგენელია, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს რეანიმაციაში", — განუცხადა მან მთავარ არხს.

რას ამბობს ჩხაიძე: ექიმის განცხადებით კი, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდი მსუბუქი ფორმით აქვს.

  • მისი განმარტებით, გუშინვე შეიკრიბა კონსილიუმი და შეთანხმდა გეგმა, როგორც სამკურნალო, ასევე, პრევენციული.
  • როგორც ჩხაიძე ამბობს, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი რჩება პალატაში, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ აპარატურით, რაც არის ინტენსიურ თერაპიაში.
  • "რა თქმა უნდა, მისი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიცავს რისკებს, ყველა მიმართულებით. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. მოსალოდნელი რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე გეუბნებით რაც არის მდგომარეობა — არის სტაბილური", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რას ამბობს ალასანია: დედა ამბობს, რომ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მესამე დღეა, რაც ინფიცირებულია და სუსტადაა.

  • "აქვს დაქვეითებული ჰემოგლობინი, რკინა და ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ძალიან ხშირია გონების კარგვა", — განაცხადა მან მთავარ არხთან.
  • მისივე თქმით, მკურნალ ექიმს მიაჩნია, რომ სააკაშვილს ფაქტობრივად იგივე პირობები აქვს პალატაში, რაც ინტენსიურ თერაპიაში.

გაიგეთ მეტი: