31 იანვარს პამელა ანდერსონის მემუარი, სახელად Love, Pamela გამოვა. გამოცემა Variety-მ წიგნის გამოსვლამდე მოიპოვა ერთი ნაწილი, რომელშიც პამელა ანდერსონი წერს, რომ 1991 წელს სიტკომ Home Improvement-ის გადასაღებ მოედანზე მსახიობმა ტიმ ალენმა სასქესო ორგანო აჩვენა.

"გადაღებების დღეს გასახდელიდან გამოვედი და ხალათში ჩაცმული ტიმი დერეფანში იდგა. მან მოულოდნელად ხალათი გაიხსნა და სასქესო ორგანო მიჩვენა — სრულიად შიშველი იყო. მან მითხრა, რომ რადგანაც თავად ვყავდი შიშველი ნანახი, ეს სამართლიანი იყო. ახლა თანასწორები ვიყავით. უხერხულად გავიცინე", — იხსენებს პამელა.

ინციდენტის დროს პამელა 23 წლის იყო, ტიმი კი 37-ის. აღნიშნულ მონაკვეთში ალენი, სავარაუდოდ, პამელას Playboy-ში გამოჩენაზე მიუთითებდა.

აღსანიშნავია, რომ ალენმა ბრალდება უარყო:"ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებდი".

Variety-ის განცხადებით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ხმაურიანი განცხადებაა იმ მრავალს შორის, რომელთაც საზოგადოება მალე პამელას წიგნში წაიკითხავს. მემუარში კანადის პატარა ქალაქში დაბადებული გოგოს ისტორიას გავიგებთ, რომელიც მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი გახდა.