ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რა ხდება: 23 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ.

  • ომში მყოფი ქვეყნის დატოვება აეკრძალათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
  • ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დაანონსა და განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა.

დეტალები: მინისტრების 6 მოადგილესთან ერთად, თანამდებობიდან გათავისუფლა სამხარეო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელი.

  • ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებენ მათ პოზიციებს.

პოსტებს ტოვებენ: ოლექსი სობოლევი — უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციებისა და დიგიტალიზაციის საკითხებში.

  • ვიაჩესლავ შაპოვალოვი — თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
  • ვიტალი მუზიჩენკო — სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
  • ივან ლუკერია — თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში მინისტრის მოადგილე;
  • ვიაჩესლავ ნეგოდა – მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში;
  • ანატოლი ივანკევიჩი — უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;

  • ვიქტორ ვიშნევი — საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.

ასევე, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ: დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო;

  • ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი;
  • კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსეი კულება;
  • სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ჟივიცკი;
  • ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი.

კონტექსტი: უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

  • უკრაინული მედიების ცნობით, გენპროკურორის მოადგილე ოჯახთან ერთად ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში ისვენებდა, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.
  • დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
  • ვიაჩესლავ შაპოვალოვი უკრაინელი სამხედროებისთვის საკვები პროდუქტების ძვირადღირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა.
  • პოსტს ემშვიდობება ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო.
  • მან გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა და ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.

მანამდე, უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

  • უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ვასილი ლოზინსკინს 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. საქმე გენერატორების შეძენას ეხება.